საქართველო-უკრაინა

ზალკალიანი: უკრაინის ელჩისთვისაც მოულოდნელი იყო გაწვევა

საქართველოს მთავრობა

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, უკრაინაში საქართველოს ელჩისთვისაც მოულოდნელი იყო პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება. ზალკალიანმა TV იმედის ეთერში თქვა, რომ ვერ ხსნის, რატომ გაიძახა უკრაინის პრეზიდენტმა ელჩი კონსულტაციებზე.

"რა თქმა უნდა, გვქონდა ურთიერთობა ელჩთანაც. ჩვენი კომუნიკაციიდან გამომდინარე, შემიძლიათ, გითხრათ, რომ მისთვისაც მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება, ის, რა თქმა უნდა, ინსტრუქციებს ექვემდებარება და იხილეთ, რომ ჩატარდა შესაბამისი ბრიფინგი.

მიუხედავად იმისა, რომ ის არის გაწვეული კონსულტაციებზე, ჩვენი ურთიერთიბა გრძელდება, სულ ცოტა ხნის წინ, რამდენიმე წუთის წინ ჩვენთან შემოვიდა კიდევ ერთი თხოვნა უკრაინის საელჩოდან, რომ დავეხმაროთ მათი დიპლომატების, რომელთა ევაკუაციაც ხდება, საქართველოში თავშესაფრის მიცემისთვის და ჩვენ ამას გავაკეთებთ... მიუხედავად იმისა, რომ ელჩი გაწვეულია, ჩვენ ღირსეულად მოვიქცევით და არანაირი გადაწყვეტილება არ შეაფერხებს ამას" - ამბობს ზალკალიანი და განმარტავს, რომ ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევა დემარშის ერთერთი ფორმაა.

"ჩვენც გვყავდა გარკვეული პერიოდით ელჩი გამოწვეული უკრაინიდან, რაც იყო დაკავშირებული ყოფილ პრეზიდენტთან, მისი, როგორც უკრაინის მოქალაქის საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის კუთხით, საარჩევნო კამპანიის დროს. ჩვენც გამოვიწვიეთ კონსულტაციებზე, ის დაბრუნდა უკრაინაში და დარწმუნებული ვარ, ახლაც ასე იქნება, გაცილებით უფრო შემჭიდროებულ ვადებში ელჩი ისევ დაბრუნდება საქართველოში და ჩვეულებრივად გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობები ისე, როგორც შეესაბამება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას" - ამბობს ზალკალიანი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ეჩვენება, რომ ეს "ყველაფერი რაღაც ორკესტრირებულს" ჰგავს.

"მე ვერ ვხსნი ამ გადაწყვეტილებას, მქონდა კომუნიკაცია ძალიან ბევრ კოლეგასთან, დიპლომატთან, იმ ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური ურთიერთობების მსგავს კრიზისულ სიტუაციებში ქვეყნებს შორის ურთიერთობის გამოცდილება და მართლაც ძალიან რთული ასახსნელია, რომ მაგალითად, თქვენც ახსენეთ ერთერთი ქვეყანა [ბელარუსი], რომლის მიმართაც არის სერიოზული პრეტენზიები, რომ მისი ტერიტორიები არის გამოყენებული საომარი ოპერაციისთვის, იქ დღემდე არის ელჩი და არანაირი დემარშის ფორმა არ ამოქმედებულა. არ მინდა ისე გაიგონ, რომ ვინმეს რაღაცას მოვუწოდებ...

ძალიან გამიკვირდა ეს, გამიკვირდა გამომდინარე იქიდან, რომ მეჩვენება, რომ ეს ყველაფერი თითქოს რაღაც ორკესტრირებულს ჰგავს და რა ქმედებებიც ამას მოჰყვა თბილისში და რასაც ვხედავთ, რაც საზოგადოების ძალიან ბევრ კითხვას იწვევს - გაოცებული ვარ, გაკვირვებული ვარ" - თქვა ზალკალიანმა.

დღეს, პირველ მარტს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ზელენსკის თქმით, მიზეზი საქართველოდან მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებისთვის ხელშეშლა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე ამორალური პოზიციაა.

"რაც შეეხება ჩვენს დიპლომატებს, მათი ქმედებები გამართლებულია იმ სახელმწიფოების მიმართ, რომელებმაც თავიანთი სიტყვა და საერთაშორისო ნორმები დაარღვიეს. დაუყონებლივ კონსულტაციებზე გამოვიწვიეთ უკრაინის ელჩი ყირგიზეთში, რადგან ამ ქვეყანამ რუსული აგრესია გაამართლა. ასევე, დაუყოვნებლივ  ვიძახებთ კონსულტაციებზე  უკრაინის ელჩს საქართველოში, რადგან მოხალისეები არ გამოუშვეს, რომელთაც ჩვენი დახმარება სურდათ და ასევე, სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო".- თქვა ზელენსკიმ. 

28 თებერვალს, უკრაინის უცხოურ ლეგიონში გაწევრიანების მსურველებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უკრაინაში წასვლის მსურველი ქართველი მოხალისეების ჩარტერული რეისი საქართველოს მთავრობამ გააუქმა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმეორებს, რომ ხელისუფლება უთანაგრძნობს უკრაინას, თუმცა საქართველოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება. მან ასევე თქვა, რომ სანქციები ეფექტური არ არის, ხოლო სამოქალაქო საზოგადოება უკრაინის სოლიდარობის აქციის ჩატარებისთვის გააკრიტიკა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. მათ შორის, რუსეთს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა 21-მა ქვეყანამ, თუმცა, საქართველოს საჰაერო სივრცე ისევ ღია რჩება.

 

კომენტარები