რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საქართველოს ცა რატომ არ იკეტება? – საგარეო გარკვევას დაგვპირდა

უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ ქვეყნები რუსულ აგრესიას გმობენ და რუსეთს საჰაერო სივრცეს უკეტავენ. რატომ არ იკეტება საქართველოს ცა? - ამ კითხვით ტაბულამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. უწყებაში დაგვპირდნენ, რომ ინფორმაციას გაარკვევენ. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხს ტაბულა მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.   

რუსეთისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გადაწყვეტილება უკვე 20-მა ქვეყანამ მიიღო. ქვეყნებს შორის არიან: იტალია, ფინეთი, შვედეთი, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, დანია, გერმანია, ჩეხეთი, ავსტრია, სლოვენია, ბელგია, დიდი ბრიტანეთი, ისლანდია, საფრანგეთი, კანადა და ესპანეთი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები