უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრიი სიბიჰას თქმით, საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მცდელობა უკრაინის ინიციატივაა და კიევს გეოპოლიტიკური ინტერესი გააჩნია. ტაბულას ინფორმაციით, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამის შესახებ შვედეთში, ქალაქ ლუნდში გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა.
"ეს ჩვენი ინიციატივა იყო. საქართველო ევროპული ქვეყანაა. ეს ქართველი ხალხის არჩევანია." - უპასუხა სიბიჰამ შეკითხვას აუდიტორიიდან, რომელიც საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობის გადატვირთვის ნიშნებს უკავშირდებოდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ კიევსა და თბილისს შორის აქამდე არსებული დაძაბულობა უკრაინის არჩევანი არ ყოფილა. სიბიჰას თქმით, უკრაინას რეგიონში ლოგისტიკური ინტერესები გააჩნია. მან ასევე აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ერევანში ჩატარებული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენების შემცირების ნიშანია.
"ორმხრივ ურთიერთობებში ტურბულენტობა ჩვენი არჩევანი არ ყოფილა. გვაქვს გეოპოლიტიკური ინტერესი, სათანადო დიპლომატიური გზით განვითარდეს ჩვენი ორმხრივი დიპლომატიური კურსი.
ზელენსკი საქართველოს პრემიერმინისტრს ერევანში შეხვდა. სხვათა შორის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო. ამ კონტექსტში, პოლიტიკური ევროპული სამიტის ერევანში ჩატარება ძლიერი გზავნილი იყო. ჩემი აზრით, ეს ამ რეგიონში რუსეთის გავლენების დეგრადაციის საწყისი წერტილია.
გვაქვს შავი ზღვა, გვაქვს ინტერესი ორმხრივ ვაჭრობაში, ლოგისტიკაში, რადგან საქონლის ექსპორტ-იმპორტი ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან რუსეთის გავლით არ შეგვიძლია. უნდა ვიპოვოთ კარგი გზა, ყველაზე მომგებიანი გზა, როგორ შეგვეძლება ამ კოოპერაციის დაწყება. ვიმედოვნებ, ვიპოვით საერთო საფუძველს სათანადო კოოპერაციისთვის." - თქვა სიბიჰამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის მოგვარება შესაძლებელი იქნება.
"საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს მოლდოვაში შევხვდი. ის ესწრებოდა ევროსაბჭოს საგარეო მინისტრების დონის შეხვედრას, რომელიც ეძღვნებოდა სპეციალური ტრიბუნალის დაფუძნებას. ვიმედოვნებ, ჩვენს დიპლომატიურ ურთიერთობებს მოვაგვარებთ. ამით დაინტერესებული ვართ." - თქვა სიბიჰამ.
ანდრიი სიბიჰა ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს 15 მაისს ევროსაბჭოს მინისტრთა სხდომის ფარგლებში შეხვდა. ამ დღეს 37-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას. საქართველო ამ ინიციატივას არ შეუერთდა.
სიბიჰა ბოჭორიშვილს 4 მაისსაც, ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შეხვდა. უკრაინის საგარეო მინისტრმა მაშინ აღნიშნა, რომ საუბრის დროს ყურადღება გაამახვილეს "ორმხრივ სასარგებლო სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებაზე". ამავე დღეს გაიმართა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრაც. ივანიშვილის პრემიერის თქმით, საუბარი "მეგობრული და საინტერესო" იყო.
6 მაისს სიბიჰასა და ბოჭორიშვილს შორის გაიმართა სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც, უკრაინული მხარის ცნობით, "ურთიერთობების ნორმალიზაციის ორმხრივ ინტერესზე" შეთანხმდნენ.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა TV პირველთან საუბარში აღნიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური დაძაბულობა კვლავ ნარჩუნდება, თუმცა ამის მოსაგვარებლად დიალოგი საუკეთესო საშუალებაა.
ქართული ოცნების წარმომადგენლები ანტიუკრაინული რიტორიკით გამოირჩეოდნენ. შეხვედრების შემდეგ ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართულებით შეურაცხყოფები გაგრძელდა. ირაკლი ზარქუამ ზელენსკის "უთავმოყვარეო, უავტორიტეტო და ხელოვნურად დასმული ლიდერი" უწოდა.





