რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

კონფლიქტს ახალი ხარისხი მისცეს – პუტინი კვლავ სტარობელსკზე მიტანილ იერიშზე ლაპარაკობს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
Getty Images

ვლადიმირ პუტინი კვლავ ოკუპირებულ ლუგანსკში სტარობელსკის კოლეჯზე მიტანილ იერიშზე ლაპარაკობს და ირწმუნება, რომ უკრაინამ ომი ახალ ეტაპზე გადაიყვანა.

"რა გაეწყობა, როგორც ჩანს მიზანმიმართულად - სწორადაც რომ მიზანმიმართულად - სტარობელსკის პედაგოგიურ კოლეჯში, ახლა კი გენიჩესკში, ბავშვების, მოზარდების წინააღმდეგ უმძიმესი დანაშაულის ჩადენით კიევის უფროსობამ გადაწყვიტა გადაეშალათ საკუთარი დანაშაულების ახალი გვერდი, მთლიანობაში მიეცათ ახალი ხარისხი კონფლიქტისთვის... რა გაეწყობა, მათი არჩევანია." - თქვა პუტინმა.

პუტინმა ამის შესახებ ისაუბრა სხდომაზე, რომელიც სტარობელსკზე მიტანილი იერიშის გამოძიებას ეთმობოდა. 

რუსეთი ირწმუნება, რომ 22 მაის უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განზრახ დაარტყეს ოკუპირებულ ლუგანსკში მდებარე სტარობელსკის კოლეჯს, რასაც 21 ახალგაზრდა ემსხვერპლა. 24 მაისის ღამეს რუსეთმა კიევზე მასშტაბური საჰაერო იერიშები მიიტანა და ომის განმავლობაში მესამედ გამოიყენეს რაკეტა "ორეშნიკი". ამას გარდა, რუსეთის მტკიცებით, 31 მაისს უკრაინული დრონის იერიშს ოკუპირებული ხერსონის ოლქში 2020 წელს დაბადებული ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

29 მაისიდან უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელია რუსეთის მასირებული იერიშები. 1-ელ ივნისს მან თქვა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მოამზადეს მსგავსი დარტყმების გეგმა და უკრაინის საჰაერო თავდაცვა თავდასხმის მოსაგერიებლად მზადაა.

კომენტარები