ჯაშუშობა

ადვოკატის ცნობით, გულბაათ რცხილაძე ირანში გამგზავრებას გეგმავდა

გულბაათ რცხილაძე

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გულბაათ რცხილაძის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ირანში წასვლას გეგმავდა იქ მიმდინარე მოვლენების გასაშუქებლად. 

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ერთ-ერთი ქვეყანა, რომლის ჯაშუშობის ბრალდებითაც სუს-მა რცხილაძე დააკავა შესაძლოა ირანი იყოს.

"გარკვეული ვიდეო-მასალები დევს, უბრალოდ, დეტალურად ვერ გეტყვით რა მასალები დევს და რა შინაარსის ვიდეომასალებია იქ. თვითონ, დაკავებას პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს, უკავშირებს იმ ფაქტს რომ "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა და მის საქმიანობას უკავშირებს, ბუნებრივია.

[ირანში] წასვლას აპირებდა, უბრალოდ ბოლო მომენტში გადაიფიქრა, ოჯახური მდგომარეობის გამო. შესაძლოა, ერთ-ერთი იყოს ირანი, შეიძლება არ იყოს. [ირანში] ჩვეულებრივად სიუჟეტი უნდა გაეკეთებიდათ, მედიაკავშირმა "ობიექტივმა" ჯგუფი გამოყო, ერთ-ერთი ბატონი გულბაათი იყო, ასევე ერთი ოპერატორი და ერთი ჟურნალისტი კიდევ. მათ ირანში მიმდინარე პროცესები უნდა გაეშუქებინათ". - თქვა ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, გულბაათ რცხილაძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებას "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოს შექმნას" უკავშირებს.

რცხილაძეს ბრალი 31 მაისს წარუდგინეს, რის შემდეგაც ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ "სავარაუდოა, რუსეთის ჯაშუშობას ედავებოდნენ", თუმცა, ამ ეტაპზე "დადასტურება არ შეუძლია". 

30 მაისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯაშუშობის ბრალდებით, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს, რომელიც დაკავშირებული იყო ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან. პრორუსი გულბაათ რცხილაძე ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელია.

კომენტარები