რუსეთის ქალაქ კიროვის რაიონულმა სასამართლომ 28 წლის ალექსანდრა პუგაჩს დაუსწრებლად ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმე რუსეთის არმიის შესახებ ე.წ. "ფეიკების" გავრცელების ბრალდებას უკავშირდება.
რუსული გამოცემა მედიაზონა წერს, რომ განაჩენი 14 მაისს გამოცხადდა და უკვე ძალაში შევიდა. პატიმრობის გარდა, სასამართლომ პუგაჩს 3.5 წლის ვადით ვებგვერდების ადმინისტრირების უფლებაც აუკრძალა.
ალექსანდრა პუგაჩი ვიატკის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ვალენტინ პუგაჩის ქალიშვილია. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ვალენტინ პუგაჩი კიროვის ოლქიდან ვლადიმირ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი იყო. რუსეთში ნდობით აღჭურვილი პირები არჩევნებში მონაწილეების წარმომადგენლები არიან. ისინი ჩართული არიან კამპანიაში, ღონისძიებების დაგეგმვასა და გამართვაში, კანდიდატების ამომრჩევლებთან შეხვედრების დაგეგმვასა და პოლიტიკის დაგეგმვაში.
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ალექსანდრა პუგაჩმა ქვეყანა დატოვა და საცხოვრებლად საქართველოში გადავიდა. როგორც ცნობილია, მან მამასთან ურთიერთობაც შეწყვიტა.
რუსეთში სისხლის სამართლის საქმის წარმოების საფუძველი საქართველოში გამართულ უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე მისი გამოსვლა გახდა. პუგაჩმა აქციის მონაწილეებს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ფინანსური დახმარება უნდა გაეწიათ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის.
რუსეთში უკრაინის ომის კრიტიკისთვის და უკრაინის მხარდაჭერის საჯარო გამოხატვისთვის სისხლის სამართლის დევნის პრაქტიკა ფართოდ გამოიყენება. 2022 წელს მიღებული კანონების საფუძველზე, რუსეთის ხელისუფლება ხშირად იყენებს "რუსეთის არმიის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების" მუხლს ომის მოწინააღმდეგეთა დასასჯელად.




