ავღანეთი

აჰმად მასუდი მთელ ავღანეთს ეროვნული წინააღმდეგობის დაწყებისკენ მოუწოდებს

აჰმად მასუდი ბაზარაკში, 2019 წელი
The New York Times

პანჯშირის წინააღმდეგობის ლიდერი, აჰმად მასუდი მთელ ავღანეთს მოუწოდებს, რომ თალიბანის წინააღმდეგ ეროვნული წინააღმდეგობა დაიწყონ. ამის შესახებ, ის გავრცელებულ ჩანაწერში საუბრობს.

მისი თქმით, თალიბებმა საკუთარი რელიგიური ლიდერების მოწოდება, ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, უგულებელყვეს და მაინც დაესხნენ თავს მის ძალებს. მასუდის თქმით, გასული ღამის თავდასხმების დროს დაიღუპა მისი ოჯახის რამდენიმე წევრიც.

ჩანაწერში აჰმად მასუდმა საერთაშორისო საზოგადოება თალიბანის ლეგიტიმაციასა და მათთვის სამხედრო და პოლიტიკური თავდაჯერების მიცემაში დაადანაშაულა. 

მასუდის თქმით, პანჯშირში ჯერ კიდევ არიან ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის მებრძოლები და თალიბანთან ბრძოლას გააგრძელებენ.

თალიბები აცხადებენ, რომ მათ პანჯშირი დაიკავეს. გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც თალიბები პანჯშირის პროვინციის მმართველის რეზიდენციის თავზე თალიბანის დროშას მართავენ.

 გასულ ღამეს პანჯშირი მძიმე თავდასხმების ქვეშ იყო. წინააღმდეგობის წევრები პაკისტანს თალიბანის საჰაერო მხარდაჭერაში სდებენ ბრალს. წინააღმდეგობის ფრონტის ლიდერი, აჰმად მასუდი გუში მზად იყო მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, თუმცა შეტაკებები არ შემწყდარა. 


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

ვითარება გართულდა 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა აშშ-სა და თალიბანის საერთო მტერმა, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციამ (ISIS-K) აიღო.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები