ავღანეთი

თალიბანი: პანჯშირის პროვინცია, მტრის ბოლო სიმაგრე, სრულად დავიპყარით

ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის მებრძოლები პანჯშირში

თალიბანმა ორშაბათს, 6 სექტემბერს გამოაცხადა, რომ პანჯშირის პროვინცია სრულად დაიკავეს. ამის შესახებ დაჯგუფების სპიკერმა, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმა Twitter-ზე დაწერა: "პანჯშირის პროვინცია, მტრის ბოლო სიმაგრე, სრულად დავიპყარით".

"ამ გამარჯვებითა და უკანასკნელი მცდელობებით, ჩვენი ქვეყანა ომის მორევიდან ამოვიდა და ჩვენი ხალხი ბედნიერად იცხოვრებს მშვიდობაში, თავისუფლებასა და კეთილდღეობაში, მთელ ქვეყანაში" – წერია სპიკერის განცხადებაში. ასევე მან დაამატა, რომ წინააღმდეგობის ბევრი წევრი მოკლეს, ზოგი კი გაიქცა.

"პანჯშირის მაცხოვრებლებს ვაძლევთ სრულ გარანტიას, რომ ისინი დისკრიმინაციის მსხვერპლები არ იქნებიან, ყველა მათგანი ჩვენი ძმები არიან. ქვეყანასა და მიზანს ერთად ვემსახურებით" – წერს ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდი. 

თუმცა ავღანეთის ეროვნული ფრონტის წარმომადგენლები ჯერ კიდევ საპირისპიროს ამბობენ. BBC-სთან.

"პანჯშირი თალიბანს არ დაუკავებია, მე უარვყოფ ამ განცხადებას" – ამბობს ეროვნული წინააღმდეგობის სპიკერი, ალი მაისამი. 

წინააღმდეგობის წევრების თქმით, ისინი ჯერ კიდევ აკონტროლებენ პანჯშირის სტრატეგიულ წერტილებს და ბრძოლას აგრძელებენ. 

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფოტოსურათები, რომლებშიც ჩანდა, თუ თალიბანის წევრები როგორ იდგნენ პანჯშირის პროვინციული მმართველის რეზიდენციასთან. 

გასულ ღამეს პანჯშირი მძიმე თავდასხმების ქვეშ იყო. წინააღმდეგობის წევრები პაკისტანს თალიბანის საჰაერო მხარდაჭერაში სდებენ ბრალს. წინააღმდეგობის ფრონტის ლიდერი, აჰმად მასუდი გუში მზად იყო მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, თუმცა შეტაკებები არ შემწყდარა. 


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

ვითარება გართულდა 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა აშშ-სა და თალიბანის საერთო მტერმა, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციამ (ISIS-K) აიღო.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები