ავღანეთი

პანჯშირის წინააღმდეგობა პაკისტანს თალიბანისთვის საჰაერო მხარდაჭერაში ადანაშაულებს

ავღანეთის არმიის ამერიკული ვერტმფრენი, რომელიც თალიბების ხელში ჩავარდა

მიუხედავად იმისა, რომ პანჯშირის წინააღმდეგობის ლიდერმა, აჰმად მასუდმა ბრძოლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების განახლების სურვილი გამოთქვა, ხეობას თალიბანი კვლავ თავს ესხმის და ვითარება დაძაბულობის პიკზეა.

ადგილობრივი ცნობებით, ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ძალებს არა მხოლოდ მიწიდან, არამედ ჰაერიდანაც უტევენ. წინააღმდეგობის წევრები პაკისტანს ადანაშაულებენ, რომ მათი საჰაერო ძალები თალიბანს პანჯშირის აღებაში ეხმარებიან. მათი თქმით, ხეობას თავს ესხმიან ვერტმფრენებით, ასევე პაკისტანის დრონებით.

Euronews-ის ჟურნალისტი, მუსტაფა ბაღი Twitter-ზე წერს, რომ ავღანეთში მყოფი ჟურნალისტების თქმით, პაკისტანი თალიბანს საჰაერო მხარდაჭერით უზრუნველყოფს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის მნიშვნელოვანი წევრების დაღუპვის შესახებ. დაღუპულთა შორის არის სპიკერი ფაჰიმ დაშთიც. პანჯშირელი აჯანყებულების თქმით, ის პაკისტანის დრონმა იმსხვერპლა. მის სიკვდილს გამოეხმაურა ფრანგი მოაზროვნე და საზოგადო მოღვაწე, ბერნარდ-ჰენრი ლევი, რომელიც აჰმად მასუდის მამის, აჰმად შაჰ მასუდის მეგობარი იყო. 

როგორც ჩანს, ბერნარდ-ჰენრი ლევი დაშთისაც იცნობდა. მისი თქმით, ის აჰმად შაჰ მასუდის მეგობარი იყო და როდესაც მასზე ტერაქტი მოაწყვეს და მოკლეს, დაშთი იმ დროს გადარჩა, პანჯშირზე თალიბანის თავდასხმას კი ვერ გადაურჩა. ასევე, ლევის თქმით, დაშთი იყო ჟურნალისტი და არა მებრძოლი და თალიბანის ქმედებას სამხედრო დანაშაულს უწოდებს.

არსებული ინფორმაციით ქაბულში იმყოფება პაკისტანის სახელმწიფო დაზვერვის მეთაური, ფაიზ ჰამიდი.  

"პრინციპში, ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი თანახმაა გადაჭრას ამჟამინდელი პრობლემები, დაუყოვნებლივ დაასრულოს ბრძოლა და გააგრძელოს მოლაპარაკებები. რათა მიღწეულ იქნას ხანგრძლივი მშვიდობა, ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი მზადაა შეწყვიტოს ბრძოლა, იმ პირობით, თუ თალიბანიც შეწყვეტს თავდასხმებსა და სამხედრო მოქმედებებს პანჯშირსა და ანდარაბში" – დაწერა დღეს აჰმად მასუდმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ თალიბები პანჯშირის პროვინციის დედაქალაქისკენ მიდიოდნენ.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

ვითარება გართულდა 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა აშშ-სა და თალიბანის საერთო მტერმა, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციამ (ISIS-K) აიღო.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები