ავღანეთი

აჰმად მასუდი თალიბანს: მზად ვართ ბრძოლა შეწყდეს და მოლაპარაკებები გაგრძელდეს

აჰმად მასუდი

ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის ლიდერის, აჰმად მასუდის თქმით, მზადაა ბრძოლა შეწყვიტოს, თუ თალიბანიც შეწყვეტს თავდასხმებს და გააგრძელონ მოლაპარაკებები.

აჰმად მასუდმა განცხადება წინააღმდეგობის   Facebook გვერდზე გამოაქვეყნა. აქამდე თალიბანმა გამოაცხადა, რომ მათ პანჯშირის მნიშვნელოვანი პუნქტები დაიკავეს და დედაქალაქში შედიოდნენ.

"პრინციპში, ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი თანახმაა გადაჭრას ამჟამინდელი პრობლემები, დაუყოვნებლივ დაასრულოს ბრძოლა და გააგრძელოს მოლაპარაკებები. რათა მიღწეულ იქნას ხანგრძლივი მშვიდობა, ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი მზადაა შეწყვიტოს ბრძოლა, იმ პირობით, თუ თალიბანიც შეწყვეტს თავდასხმებსა და სამხედრო მოქმედებებს პანჯშირსა და ანდარაბში" – წერს აჰმად მასუდი სოციალურ ქსელში და ახსენებს ბაღლანის პროვინციის მეზობელ პროვინციას, ანდარაბს. 

ასევე, განცხადებამდე, რელიგიურმა საბჭომ, ულემამ თალიბანს მოუწოდა შეეწყვიტათ ბრძოლა და პრობლემა მოლაპარაკებებით გადაეჭრათ. ულემას რჩევას მიესალმება აჰმად მასუდი.

წინა კვირებში მოლაპარაკებების მცდელობა პანჯშირის წინააღმდეგობასა და თალიბანს შორის წარუმატებლად დასრულდა, რის შემდეგაც თალიბებმა ხეობა ალყაში მოაქციეს, გასულ დღეებში კი მასშტაბური თავდასხმები წამოიწყეს. 


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

ვითარება გართულდა 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა აშშ-სა და თალიბანის საერთო მტერმა, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციამ (ISIS-K) აიღო.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები