ავღანეთი

თალიბანმა "ამორალური ქმედებების აღკვეთის მიზნით" ჩრდილოეთ ავღანეთში ინტერნეტი აკრძალა

თალიბები ავღანეთის პრეზიდენტის სასახლეში
Zabi Karimi / AP

17 სექტემბერს თალიბანმა ჩრდილოეთ ავღანეთის დიდ ნაწილზე ინტერნეტზე წვდომის აკრძალვის ბრძანება გასცა. პროვინციული მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანი "ამორალური ქმედებების აღკვეთაა."

CNN-ის ცნობით, თალიბანს წარსულში შეშფოთება ჰქონდა გამოთქმული პორნოგრაფიასთან დაკავშირებით და ინტერნეტში ქალებსა და მამაკაცებს შორის ფლირტაობის ფაქტების მიმართ.

2021 წელს თალიბანის მიერ ავღანეთში ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ ეს ქვეყანაში ინტერნეტის აკრძალვის პირველი შემთხვევაა, თუმცა თალიბანის რეჟიმს აქამდე გოგოებისთვის საშუალო სკოლაში სიარული, ხოლო ქალებისთვის მრავალ სხვადასხვა სფეროში მუშაობა უკვე აკრძალული ჰქონდა. 

მაღალჩინოსნების თქმით, აკრძალვა შეეხება ყველანაირ საკაბელო ინტერნეტ კავშირს, თუმცა ინტერნეტზე მობილური ტელეფონით წვდომა არ შეიზღუდება. “მნიშვნელოვანი საჭიროებებისთვის იარსებებს ალტერნატიული გზაც." - აცხადებს რეჟიმი.

აკრძალვა ქვეყნის ჩრდილოეთით ხუთ პროვინციაში იმოქმედებს - ქუნდუზი, ბადახშანი, ბაგლანი, თახარი და ბალხი - და, შესაბამისად, რეგიონის მოსახლეობის უმეტესობას მოიცავს. 

წინა წლიდან მოყოლებული თალიბანმა მორალის არაერთი მარეგულირებელი კანონი მიიღო, ქალებისთვის სახის დაფარვის მოთხოვნიდან დაწყებული, მანქანის მძღოლებისთვის მუსიკის მოსმენის აკრძალვით დამთავრებული. 

კომენტარები