ავღანეთი

ავღანეთში თალიბანმა ჭადრაკი აკრძალა

AFP via Getty Images

თალიბანმა ავღანეთში ჭადრაკი განუსაზღვრელი ვადით აკრძალა, სანამ რეჟიმი შარიათის კანონთან მის შესაბამისობაზე მსჯელობს. 

თალიბების თქმით, ავღანეთის მოსახლეობა ჭადრაკს შესაძლოა ფულზე სათამაშოდ იყენებდეს.

თალიბანის სპიკერმა, ათალ მაშვანიმ ფრანგულ საინფორმაციო სააგენტოსთან, AFP-სთან საუბრისას თქვა, რომ ჭადრაკი შარიათის კანონში "აზარტული თამაშის საშუალებად" არის მოაზრებული.

"ჭადრაკის სპორტთან დაკავშირებით რელიგიური მსჯელობა მიმდინარეობს. [...] ამ განხილვის დასრულებამდე, ავღანეთში ჭადრაკის სპორტი აკრძალულია". - თქვა მაშვანიმ. 

2021 წელს, აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თალიბანის რეჟიმმა რიგი აქტივობები აკრძალა, მათ შორის სპორტის სახეობებიც.

2024 წელს თალიბანმა MMA აკრძალა. ქვეყნის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სპორტის სახეობა ისლამთან შეუთავსებელია და შარიათ კანონებს ეწინააღმდეგება.

კომენტარები