შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

ბრაიზა შეთანხმების ანულირებაზე: ქართული ოცნების გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი იყო

United States Mission Geneva

 აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა ოფიციალურმა პირმა, მეთიუ ბრაიზამ ფორმულას ეთერში, ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებაზე ისაუბრა და მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას შოკისმომგვრელი უწოდა. 

მისი შეფასებით, თუ ქვეყანაში იგივე მდგომარეობა დაბრუნდება, რაც მიშელის შეთანხმებამდე იყო, ეს დასავლელ პარტნიორებს გაუჩენს გრძნობას, რომ მთავრობა და ოპოზიცია დემოკრატიის გასაძლიერებლად არ მუშაობენ. 

"ქართული ოცნების გადაწყვეტილება იმდენად შოკისმომგვრელი იყო, რომ ახლა ყველამ უნდა მოიფიქროს, რა იქნება მათი შემდეგი ნაბიჯები. იმედია, ქართული ოცნების მხრიდან ეს მხოლოდ დროებითი უკან დახევაა. გულახდილად გითხრათ, ამ შეთანხმებასთან მიმართებით კარგად არავინ გამოიყურებოდა, მათ შორის, არც ხელისუფლება. ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტირებაც რთული გასაგები იყო ვაშინგტონსა და ბრიუსელში. ადამიანებს ევროპასა და შეერთებული შტატების ქალაქებში მტკიცედ სწამთ, რომ, თუკი აგირჩიეს, შენს ამომრჩეველს უნდა ემსახურო. თუნდაც არჩევნების დროს ყოფილიყო სირთულეები, თუკი იგივე სიტუაცია დაბრუნდება, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმებამდე იყო, ეს დასავლელ პარტნიორებს გაუჩენს გრძნობას, რომ მთავრობა და ოპოზიცია დემოკრატიის გასაძლიერებლად არ მუშაობენ. 

ქართველ ხალხს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ მათ გადაარჩენენ, რომ ჩაერევა ევროკავშირი ან შეერთებული შტატები. ეს ყველაფერი ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. მე ვშიშობ, რომ ადამიანები ევროკავშირსა და შტატებში უბრალოდ აღარ იდარდებენ, ყურადღებას აღარ მიაქცევენ საქართველოს და ისინი უბრალოდ დაიღლებიან პოლიტიკური კრიზისით". - ამბობს ბრაიზა. (გამოყენებულია ტელეკომპანია ფორმულას თარგმანი )


ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.   

შეთანხმების ანულირების შემდეგ გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ ის პარლამენტს დატოვებს, ვინაიდან "არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულებები", ბოიკოტის დასრულებასა და ოპოზიციის პარლამენტში შესვლას კი სწორედ ეს შეთანხმება ითვალისწინებდა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ცნობით, ის საპარლამენტო მანდატს დატოვებს, ვინაიდან სრულად იქნება გადართული თვითმმართველობის არჩევნებში, სადაც ის ოპოზიციის ნაწილის მერობის საერთო კანდიდატია, თუმცა, მისი "პრინციპული თხოვნით", ენმ-ს წევრები პარლამენტში "ფორმალურად" დარჩებიან. 

რაც შეეხება ლელოს, ბადრი ჯაფარიძის თქმით, პარტია პარლამენტში ყოფნას გააგრძელებს. პარლამენტში დარჩება სტრატეგია აღმაშენებელიც

ოცნების მიერ შეთანხმების ანულირებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. სენატის ოპერატიული ჯგუფის შეფასებით, საქართველოში განვითარებული მოვლენები რეფორმების ძალისხმევას ძირს უთხრის, ქვეყნის დემოკრატიის მარცხით კი მხოლოდ კრემლი ისარგებლებს. სენატორი რიშის შეფასებით, შეთანხმების დატოვება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა. მისივე სიტყვებით, ოცნებას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს, არა - ქვეყნის. დევიდ კრამერი წერს, რომ ევროკავშირი თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, "რომ მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა". სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის შეფასებით კი შეთანხმებიდან ოცნების გასვლა რეფორმებით წინსვლას ძირს უთხრის.  

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადება 29 ივლისს გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქართველ პოლიტიკოსებთან კონსულტაციებს იწყებს.  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წერს, რომ 19 აპრილის შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმების გატარებისთვის და პარტიებს მოუწოდებს, წინ დააყენონ მოქალაქეთა ინტერესები.

კომენტარები