რუსული რეჟიმი

შსს: ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა, ის იკითხება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე ერთ-ერთი თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და მისი გამოკითხვა მიმდინარეობს.

"ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა. ამჟამად ის, სხვა საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად, მომხდარ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით იკითხება". - წერია შსს-ს განცხადებაში.

უწყების განცხადებით, ისინი საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მიაწვდიან.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. 

ცნობისთვის, ონისე ოქრიაშვილმა ხეჩინაშვილის კლინიკა უკვე დატოვა.

22 ივლისს, ონისე ოქრიაშვილს 3 ადამიანი სახლთან დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა, რის შედეგადაც ის გამოკვლევებისთვის კლინიკაში იყო გადაყვანილი.

მისმა მეუღლემ, მარიამ სამუშიამ მედიასთან აღნიშნა, რომ პირებმა ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე ოქრიაშვილს უთხრეს "შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინაო?!" - თავდამსხმელები რომ ფიზიკური ანგარიშსწორების დროს ნოდარ დუმბაძეს ახსენებენ, ეს მედიაში გავრცელებულ ვიდეოშიც ისმის, სადაც მასზე ძალადობაა ასახული.

კომენტარები