შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

ვაშაძე: შარლ მიშელის განცხადება უსუსტესი და არასწორი იყო

"ჩვენი პოზიციაა, რომ ჩვენ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ სწორედ იმ გარანტიით, რომ ამერიკა და ევროპა იყვნენ გარანტორები ამ დოკუმენტის შესრულების. შესაბამისად, ჩვენ კი არ "გადაგვაგდეს", მათ საგარანტიო სიტყვას არ სცა პატივი ქართულმა ოცნებამ". - ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე. 

მისი შეფასებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადება, უსუსტესი და არასწორი იყო. 

"ნამდვილად არ მაინტერესებს ახლა ხელი მოაწერა თუ არა ნაციონალურმა მოძრაობამ ან ვინმემ. ჩვენ მოვაწერეთ მაშინ, როდესაც შეთანხმება შედგა. მათ შორის პირადად შარლ მიშელიც არის პასუხისმგებელი ამაზე. სტრატეგია აღმაშენებელი არის თანმიმდევრული საკუთარ გადაწყვეტილებებში, კატეგორიულად მოვითხოვთ გარანტორი მხარეების მხრიდან აღსრულების მექანიზმების განხორციელებას. რაც შეეხება შარლ მიშელის უსუსტეს განცხადებას, რომელიც დღეს ჰქონდა, ცოტა ხანში თქვენ ნახავთ საპასუხო განცხადებას ჩემი მხრიდან, რადგან, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ეს იყო არასწორი განცხადება". - ამბობს ვაშაძე. 

მისივე თქმით, დასავლელმა პარტნიორებმა შეთანხმებასთან მიმართებაში საკუთარ თავზე ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულონ და კრიტიკულად აქტიურად ჩაერთონ ამ საკითხში.

"ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა საკუთარ თავზე ნაკისრი ვალდებულებები შეასრულონ შეთანხმებასთან მიმართებაში. ამის შემდგე განვიხილავ სხვა საკითხებს. ვალდებულებები ხელმოწერებთან და მათ შორის ჩემთან მიმართებაში აიღეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა და ისინი ვალდებულები არიან ჩვენ მიმართ. მე ქართულ ოცნებას რომ არ ვენდობოდი, ეს ორჯერ ორი ოთხია. მე ვენდე მათ და მათგან ვითხოვ კრიტიკულად აქტიურ ჩართულობას ამ საკითხთან დაკავშირებით". - ამბობს ვაშაძე. 


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადება 29 ივლისს გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქართველ პოლიტიკოსებთან კონსულტაციებს იწყებს.  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წერს, რომ 19 აპრილის შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმების გატარებისთვის და პარტიებს მოუწოდებს, წინ დააყენონ მოქალაქეთა ინტერესები.

ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.   

შეთანხმების ანულირების შემდეგ გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ ის პარლამენტს დატოვებს, ვინაიდან "არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულებები", ბოიკოტის დასრულებასა და ოპოზიციის პარლამენტში შესვლას კი სწორედ ეს შეთანხმება ითვალისწინებდა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ცნობით, ის საპარლამენტო მანდატს დატოვებს, ვინაიდან სრულად იქნება გადართული თვითმმართველობის არჩევნებში, სადაც ის ოპოზიციის ნაწილის მერობის საერთო კანდიდატია, თუმცა, მისი "პრინციპული თხოვნით", ენმ-ს წევრები პარლამენტში "ფორმალურად" დარჩებიან. 

რაც შეეხება ლელოს, ბადრი ჯაფარიძის თქმით, პარტია პარლამენტში ყოფნას გააგრძელებს. პარლამენტში დარჩება სტრატეგია აღმაშენებელიც

ოცნების მიერ შეთანხმების ანულირებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. სენატის ოპერატიული ჯგუფის შეფასებით, საქართველოში განვითარებული მოვლენები რეფორმების ძალისხმევას ძირს უთხრის, ქვეყნის დემოკრატიის მარცხით კი მხოლოდ კრემლი ისარგებლებს. სენატორი რიშის შეფასებით, შეთანხმების დატოვება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა. მისივე სიტყვებით, ოცნებას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს, არა - ქვეყნის. დევიდ კრამერი წერს, რომ ევროკავშირი თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, "რომ მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა". სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის შეფასებით კი შეთანხმებიდან ოცნების გასვლა რეფორმებით წინსვლას ძირს უთხრის.  

კომენტარები