შარლ მიშელის შეთანხმება

ხოშტარია: საქართველოს მთავრობამ ღია განაცხადი გააკეთა პრორუსულობასა და ანტიდასავლურობაზე

მოძრაობა დროას ლიდერის, ოპოზიციის ნაწილის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას შეფასებით, ქართული ოცნების 28 ივლისის განცხადება იყო გათვლილი ერთადერთ რამეზე - გააჩინოს უიმედობა და უმოქმედობის განწყობა მოსახლეობაში. ნიკა მელიასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ხოშტარიამ თქვა, რომ შარლ მიშელის შეთანხმების ხელმოწერის პირველი დღიდან ქართული ოცნება ყოველდღიურად არღვევდა მას.

" ჩვენ არასდროს გვქონია ილუზია, რომ ქართული ოცნება პატივს სცემს ან შეთანხმებებს ან პარტნიორების, ან ოპოზიციის ან საზოგადოების პოზიციას.

ერთადერთი სიახლე, რაც ჩვენ ვნახეთ გუშინდელ განცხადებაში, ეს იყო, პირველი, აღარ აწყობთ მათივე მოგონილი 43%-იანი ბარიერი, რაც ნიშნავს, რომ არ აქვთ იმედი, რომ ისინი შეძლებენ არათუ უმრავლესობის, არამედ, 43%-ის მოპოვებასაც კი, ჩვენთვის არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი მათი მოგონილი ეს რიცხვი, ჩვენ ვემზადებით დამაჯერებელი გამარჯვებისთვის და რაც არ უნდა მოიგონონ, შეთხზან, ხელი მოაწერონ, მერე უკან წაიღონ, ჩვენი ბრძოლა არის პრინციპული და იქნება ბოლომდე.

მეორე, რაც გუშინ გვითხრა ქართულმა ოცნებამ და 5 ივლისის შემდეგ ამას მუდმივად, მიზანმიმართულად გვახვევენ თავს, ეს იყო ღია განაცხადი პრორუსულობაზე და ღია განაცხადი მთავრობის ანტიდასავლური განწყობების. მათ თქვეს, რომ დასავლეთთან, ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულება მათთვის არაფერს წარმოადგენს, ეს არის საქართველოს ყველა მოქალაქის გამოწვევა. უნდა გვესმოდეს, რომ ეს არჩევნები და, ზოგადად, არჩევნების დღე არის არა პოლიტიკოსების, არამედ საქართველოს მოქალაქეების არჩევანის და მომავლის განსაზღვრის დღე.

შესაბამისად, ჩვენ ყველამ, პოლიტიკოსებმა და მოქალაქეებმა, ამ გამოწვევას ერთად უნდა ვუპასუხოთ, რომ არ იქნება საქართველო პრორუსული, არ არის საქართველო ის ქვეყანა, რომელიც პატივს არ სცემს შეთანხმებებს, არ არის საქართველო ის ქვეყანა, სადაც ხალხს ურტყამენ, სცემენ და კლავენ ქუჩაში, არ არის საქართველო ის ქვეყანა, სადაც თავს ესხმიან ჟურნალისტებს, არ არის საქართველო ის ქვეყანა, სადაც გვეშინია ჩვენი შვილების გარეთ გაშვების, არ არის საქართველო ის ქვეყანა, სადაც ზოგადად ვცხოვრობთ შიშში, სიძულვილსა და ნგრევაში, გავაკეთოთ არჩევანი კოალიციური, მრავალფეროვანი, ურთიერთდაბალანსებული, ურთიერთპატივისცემაზე აწყობილი ხელისუფლების სასარგებლოდ.

მე, ნიკა და ყველა ის პარტია, რომელიც შემოერთებულია ამ კოალიციას, ვართ აბსოლუტურად პრინციპულად განწყობილი ამ ბრძოლისთვის, არც კი განვიხილავთ, საერთოდ არ ვაპირებთ ქართული ოცნების დღის წესრიგით ყოფნას, არანაირი ბოიკოტი, ბოიკოტი იქნებოდა დანებება, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, უნდა გვესმოდეს მათი გაყალბების სურვილებიც, ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი ხმაც და ჩვენი არჩევანიც, რომელიც არის დასავლური, მშვიდობაზე, განვითარებასა და კეთილდღეობაზე მიმართული" - განაცხადა ხოშტარიამ.

28 ივლისის საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.   

ქართული ოცნების განცხადების შემდეგ, პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, რომელმაც FACEBOOK-ზე დაწერა, რომ ქართული ოცნება 19 აპრილის შეთანხმებიდან ერთადერთი მიზეზის გამო გავიდა – დაინახა, რომ არჩევნებზე 43%-ის აღების შანსი არ აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოუწევდათ. 

ოცნების მიერ შეთანხმების ანულირებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. სენატის ოპერატიული ჯგუფის შეფასებით, საქართველოში განვითარებული მოვლენები რეფორმების ძალისხმევას ძირს უთხრის, ქვეყნის დემოკრატიის მარცხით კი მხოლოდ კრემლი ისარგებლებს. სენატორი რიშის შეფასებით, შეთანხმების დატოვება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა. მისივე სიტყვებით, ოცნებას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს, არა - ქვეყნის. დევიდ კრამერი წერს, რომ ევროკავშირი თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, "რომ მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა". ნედ პრაისის შეფასებით კი შეთანხმებიდან ოცნების გასვლა რეფორმებით წინსვლას ძირს უთხრის.  

შარლ მიშელის მრჩეველმა, იურეკ კუჩკიევიჩმა გუშინ, 28 ივლისს დაწერა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მხარეებთან კონსულტაციას გადის და ამ ეტაპზე კომენტარს არ გააკეთებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადება 29 ივლისს გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქართველ პოლიტიკოსებთან კონსულტაციებს იწყებს.  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წერს, რომ 19 აპრილის შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმების გატარებისთვის და პარტიებს მოუწოდებს, წინ დააყენონ მოქალაქეთა ინტერესები.

კომენტარები