შარლ მიშელის შეთანხმება

ლელო: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაუბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებას

ლელო საქართველოსთვის / Facebook

პარტია ლელო მოუწოდებს ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაუბრუნდეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებას. პარტია ამ ნაბიჯს ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მომავლის უზრუნველყოფისა და ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელ პირობად მიიჩნევს.

"ლელოს მთავარი პოლიტიკური ამოცანა იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მომავლის უზრუნველყოფა. შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია:

  1. შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მმართველ გუნდს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის განაცხადის შედეგზე.
  2. 19 აპრილის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შეთანხმებული პოლიტიკური შეთანხმებიდან ქართული ოცნების გასვლამ, უმძიმესი დარტყმა მიაყენა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. სწორედ მიშელის შეთანხმების დატოვება იყო მთავარი პრობლემა, რომელიც ბრიუსელში ჩვენი შეხვედრებისას დღის წესრიგში დააყენა ევროპულმა მხარემ.
  3. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაბრუნდეს აღნიშნულ შეთანხმებაში. ეს ყველაზე ნათელი პოზიტიური გზავნილი იქნება ევროკავშირისთვის დარჩენილ მოკლე დროში, ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილების მიღებამდე.
  4. მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა მიშელის შეთანხმების პროცესში, აიღოს პასუხისმგებლობა და გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ყველა უფლება იმისთვის, რომ ქართული ოცნება დაბრუნდეს აღნიშნულ შეთანხმებაში.

ვიწყებთ კონსულტაციებს ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, ერთის მხრივ, დარჩენილ გადამწყვეტ კვირებში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დასაფიქსირებლად და მეორეს მხრივ, მიშელის შეთანხმებაში მმართველი გუნდის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით". – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი 2021 წლის 19 აპრილს მოაწერეს.

ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება 2021 წლის 28 აპრილს ანულირებულად გამოაცხადა. იმავე წლის ზაფხულში პარლამენტში შესვლის შემდეგ სექტემბერში შეთანხმებას ხელი მოაწერა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ ევროპული საქართველოს, ლეიბორისტული პარტიას და პარტია კანონსა და სამართალს, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრსა და ამჟამად დროას ლიდერს, ელენე ხოშტარია.

კომენტარები