შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

მიშელის მრჩეველი: ის მხარეებთან კონსულტაციას გადის, ამ ეტაპზე კომენტარს არ გააკეთებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის კომუნიკაციებისა და მედიის საკითხებში სტრატეგიული მრჩეველი, იურეკ კუჩკიევიჩი Twitter-ზე წერს, რომ ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადების შესახებ შარლ მიშელი ამ ეტაპზე კომენტარს არ გააკეთებს. 

"საქართველოში განვითარებულ ბოლო მოვლენებზე: ევროპული საბჭოს პრეზიდენტი თავის გუნდთან ერთად ფართო კონსულტაციებშია ჩართული მხარეებთან და აქტორებთან. პრეზიდენტი მიშელი სიტუაციის შესახებ ამ ეტაპზე კომენტარს არ გააკეთებს". – წერს კუჩკიევიჩი. 

საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო. 

შეთანხმების ანულირების შემდეგ გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ ის პარლამენტს დატოვებს, ვინაიდან "არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულებები", ბოიკოტის დასრულებასა და ოპოზიციის პარლამენტში შესვლას კი სწორედ ეს შეთანხმება ითვალისწინებდა. 

კომენტარები