8 ივნისს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა "კავკასიაზე ჩინეთის კონტროლთან გამკლავების აქტს," რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, სადაზვერვო და თავდაცვის მაღალჩინოსნებთან ერთად, აქტის მიღებიდან არაუგვიანეს 180 დღეში გასაიდუმლოებული ანგარიშის წარდგენას ავალებს, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სამსახურების შეღწევასა და შესაძლო თანამშრომლობას ეხება.
აქტი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატას რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა და მისმა დემოკრატმა კოლეგამ, სტივ კოენმა წარუდგინეს.
კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატამ მხარი ხმოვანი კენჭისყრით დაუჭირა, რაც ნიშნავს, რომ დარბაზში აქტს კონგრესმენების უმრავლესობა მიემხრო.
გასაიდუმლოებული ანგარიშის მომზადების გარდა, კანონპროექტი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ აშშ-ს ხუთწლიანი სტრატეგიის შემუშავებას ავალებს, რომელიც შეაფასებს ორმხრივ კავშირებს, აშშ-ს დაფინანსებას, საქართველოს შიდა პოლიტიკურ გარემოსა და განსაზღვრავს, უნდა გააგრძელოს თუ არა აშშ-მ საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობაში ინვესტიციების ჩადება.
მიღებამდე აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ და რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ბრაიან მასტმა კანონპროექტს მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ "ბოლო წლებში სერიოზული კითხვები გაჩნდა საქართველოს რესპუბლიკაში დემოკრატიის სტატუსთან და აშშ-ს მოწინააღმდეგეების მხრიდან მავნე გავლენების გავრცელებასთან დაკავშირებით".
"ეს კანონპროექტი დაგვეხმარება, შევაფასოთ, რამდენად სერიოზულია საქართველოს დამოკიდებულება აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართ." – დაამატა მან.
თავის მხრივ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნების არალეგიტიმური რეჟიმი, ქართველი ხალხის სურვილებისა და აშშ-ს ინტერესების საწინააღმდეგოდ, ქვეყნის ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე, ომის დამნაშავე პუტინსა და ირანზე გაყიდვის პროცესშია".
უილსონის თქმით, "ქართული ოცნების კოშმარის რეჟიმმა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით, უნდა მიატოვოს ანტიამერიკული კურსი, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნების გარემო, გააუქმოს დრაკონული კანონები, რომლებიც ამერიკულ ბიზნესებს ახრჩობენ, და დაასრულოს სიტყვის თავისუფლების დევნა."





