საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პარტია ლელოს მოწოდებას ხელისფულებისადმი - დაუბრუნდნენ არლ მიშელის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებას ფარისევლობას უწოდებს და ამბობს, რომ ლელომ თავად დატოვა 19 აპრილის შეთანხმება.
"19 აპრილის შეთანხმებას რაც შეეხება, რამდენიმე დღის წინ ლელოსგან მოვისმინეთ მოწოდება, რომ შევუერთდეთ 19 აპრილის შეთანხმებას. ლელომ თავად დატოვა 19 აპრილის შეთანხმება. 19 აპრილის შეთანხმებაში ერთადერთი მოთხოვნა ოპოზიციის მიმართ იყო პარლამენტში შესვლა და იქ მუშაობა. პარტია ლელოს თავმჯდომარემ საკუთარი განცხადებით დატოვა პარლამენტი. მამუკა ხაზარაძემ პარლამენტი დატოვა. რაზეა ახლა საუბარი, როდესაც პარტიის თავმჯდომარე არღვევს 19 აპრილის შეთანხმებას ერთი მხრივ და მეორე მხრივ, გვევლინება ამ შეთანხმების დამცველად. ეს არის სწორედ ქართული პოლიტიკის ის ფარისევლობა, რომელიც სამწუხაროდ, მედიალანდშაფტში იმალება ხოლმე, მაგრამ ყველაფერი დამალული ადრე თუ გვიან ყოველთვის ცხადი ხდება". – ამბობს შალვა პაპუაშვილი.
1 ივნისს, პარტია ლელომ მოუწოდა ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაუბრუნდეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებას.
პარტია ამ ნაბიჯს ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მომავლის უზრუნველყოფისა და ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელ პირობად მიიჩნევს.
ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი 2021 წლის 19 აპრილს მოაწერეს.
ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება 2021 წლის 28 აპრილს ანულირებულად გამოაცხადა. იმავე წლის ზაფხულში პარლამენტში შესვლის შემდეგ სექტემბერში შეთანხმებას ხელი მოაწერა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ ევროპული საქართველოს, ლეიბორისტული პარტიას და პარტია კანონსა და სამართალს, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრსა და ამჟამად დროას ლიდერს, ელენე ხოშტარია.