უკრაინა-საქართველო

საგარეო კომიტეტი: ვადასტურებთ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს. 

"ღრმად ვართ შეშფოთებული აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების  მუდმივი დარღვევით, ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალის მასშტაბური მობილიზებით და კრემლის აგრესიული რიტორიკით. საფრთხის შემცველია რუსი მაღალჩინოსნების საჯარო განცხადებები, რომლებიც ძირს უთხრის როგორც უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. საქართველოს და უკრაინას განსაკუთრებული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ და, შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 

მივესალმებით ურთიერთობის გაღრმავებას ნატოსა და უკრაინას შორის და მხარს ვუჭერთ შავი ზღვის რეგიონში ალიანსის გაზრდილ ჩართულობას, რომელსაც სტაბილურობის გარანტად მივიჩნევთ. მიგვაჩნია, რომ მიმდინარე მოვლენები სერიოზულ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ, შავი ზღვის რეგიონს და მთლიანად ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გააგრძელოს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდაჭერა რუსეთის აგრესიისა და დესტრუქციული ქმედებების წინააღმდეგ". - წერია განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა განცხადება მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ტოომას ჰენდრიკ ილვესმა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს დუმილზე დაწერა.  

"რატომ უნდა ელოდო, რომ რუსეთის მიერ შენი ქვეყნის ოკუპაციას საერთაშორისო საზოგადოება დაგმობს, თუ თავად თვალსაც არ ახამხამებ, როცა მეზობელს [უკრაინას] ემუქრებიან". - დაწერა ილვესმა. 

უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების მობილიზაციაზე საქართველოს ხელისუფლების საზიანო პასიურობაზე საუბრობდნენ ოპოზიციის წევრები. ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი კანდელაკმა დაწერა: "ეტყობა, პრემიერის დონე არ არის ჩვენს რეგიონში მიმდინარე ასეთი მნიშვნელოვანი პროცესი", გიგა ბოკერიას შეფასებით კი მორალურ ვალდებულებასთან ერთად, ეროვნული ინტერესია, უკრაინელ ხალხს მხარი დავუჭიროთ. 


მარტის ბოლოდან ვრცელდება ვიდეო- და ფოტომასალა, რომელზეც ჩანს უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიებისკენ ან ქვეყნის საზღვრებისკენ მიმავალი რუსული სამხედრო ტექნიკის ეშელონები და  ჯავშანტექნიკის კოლონები. უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების მობილიზების შესახებ ისაუბრა უკრაინის მთავარსარდალმა რუსლან ხომჩაკმაც. ხომჩაკის თანახმად, რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალებს აძლიერებს, ხოლო პრორუსი სეპარატისტები 2020 წლის ივლისში მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ.

რუსლან ხომჩაკის ცნობით, რუსული სამხედრო ძალები სხვადასხვა რეგიონიდან გროვდებიან უკრაინის საზღვრებთან, ამ მოქმედებებს კი რუსული მხარე სამხედრო მზადყოფნის შენარჩუნების საჭიროებითა და წვრთნებისთვის მზადებით ამართლებს. ხომჩაკის თქმით, მოსალოდნელია საზღვართან დამატებით 25 ტაქტიკური ჯგუფის კონცენტრირება, "რაც უკრაინის სახელმწიფო საზღვართან უკვე გაგზავნილ ძალებთან ერთად უკრაინის სამხედრო უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის".

ეუთოს მონიტორინგის მისიამ გასულ დღეებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ასზე მეტი ფაქტი დააფიქსირა. 

დაძაბული ვითარების ფონზე 2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პირველი სატელეფონო საუბარი გამართეს. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე. სატელეფონო საუბრები ასევე გაიმართა აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ანდრიი ტარანს და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორის.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა თავის უკრაინელ კოლეგასთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ გერმანია ახლოდან აკვირდება სიტუაციას უკრაინისა და რუსეთის საზღვარზე. დაძაბულობას ასევე გამოეხმაურა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. დომინიკ რააბმა თქვა, რომ ბრიტანეთი სერიოზულად შეშფოთებულია რუსეთის სამხედრო აქტივობით, რაც საფრთხეს უქმნის უკრაინას.

1-ელ აპრილს NATO-მ შეშფოთება გამოხატა რუსეთის სამხედრო გაძლიერებაზე აღმოსავლეთ უკრაინაში მას შემდეგ, რაც რუსეთში განაცხადეს, რომ დონბასში სერიოზულმა ესკალაციამ, შესაძლოა, "გაანადგუროს" უკრაინა. კრემლში განაცხადეს, რომ უკრაინაში NATO-ს ჯარების გაგზავნა რუსეთის საზღვართან მეტ დაძაბულობას გამოიწვევს და ეს მოსკოვს აიძულებს, მისი უსაფრთხოებისთვის დამატებითი ზომები მიიღოს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიხედვით, რამდენიმე თვეში NATO-ს ჯარებთან ერთად წვრთნები დაიწყება. 

1-ელ აპრილს პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ძალების გადაადგილება "არავის უნდა აწუხებდეს". აქამდე პესკოვი ამბობდა, რომ რუსეთის ხელისუფლება "გამოთქვამს შეშფოთებას" დონბასში "მზარდი დაძაბულობის" გამო და შიშობს, რომ "უკრაინული მხარე შეიძლება წავიდეს პროვოკაციებზე, რომელიც ომამდე მიიყვნს საქმეს". უკრაინა პროვოკაციაში დაადანაშაულა რუსეთის პრეზიდენტმა.

 გერმანიამ და საფრანგეთმა უკრაინასა და რუსეთის საზღვართან მზარდ დაძაბულობასთან და რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზებასთან დაკავშირებით საერთო განცხადება გაავრცელეს, სადაც ისინი "ყველა მხარეს" თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.

უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა ევროკავშირმაც.

კომენტარები