დაძაბულობა აღმოსავლეთ უკრაინაში

ოსტინმა დაგმო რუსეთის აგრესიის, პროვოკაციული ქმედებების ესკალაცია აღმოსავლეთ უკრაინაში

1-ელ აპრილს აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ანდრიი ტარანს შორის რეგიონალური უშიშროების სიტუაციის განსახილველად სატელეფონო საუბარი გაიმართა.

ლოიდ ოსტინმა დაგმო რუსეთის აგრესიის და პროვოკაციული ქმედებების უკანასკნელი ესკალაცია აღმოსავლეთ უკრაინაში. ოსტინმა მიუსამძიმრა უკრაინის მინისტრს 26 მარტს ოთხი უკრაინელი ჯარისკაცის სიკვდილი. 

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა.

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს მხარდაჭერა უკრაინის ძალების შესაძლებლობების გაზრდისადმი, რათა უფრო ეფექტიანად დაიცვან თავი რუსული აგრესიისგან.

ამავე დღეს NATO-მ შეშფოთება გამოხატა რუსეთის სამხედრო გაძლიერებაზე აღმოსავლეთ უკრაინაში მას შემდეგ, რაც რუსეთში განაცხადეს, დონბასში სერიოზულმა ესკალაციამ, შესაძლოა, "გაანადგუროს" უკრაინა. 

კრემლში განაცხადეს, რომ უკრაინაში NATO-ს ჯარების გაგზავნა რუსეთის საზღვართან მეტ დაძაბულობას გამოიწვევს და ეს მოსკოვს აიძულებს, მისი უსაფრთხოებისთვის დამატებითი ზომები მიიღოს.

პუტინის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, თქვა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ზონაში სიტუაცია ძალიან შემაშინებელი იყო და მრავალი "პროვოკაცია" ხდებოდა. 

მანამდე, 1-ელ აპრილს, პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ძალების გადაადგილება "არავის უნდა აწუხებდეს". 

პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსულ სამხედრო ძალებს "არასოდეს არ მიუღიათ და არ იღებენ მონაწილეობას" დონბასის კონფლიქტში. მისი თქმით, კრემლს არ სურს, რომ "ომი კვლავ გააქტიურდეს უკრაინის პროვოკაციების შედეგად".

აქამდე პესკოვი ამბობდა, რომ რუსეთის ხელისუფლება "გამოთქვამს შეშფოთებას" დონბასში "მზარდი დაძაბულობის" გამო და შიშობს, რომ "უკრაინული მხარე შეიძლება წავიდეს პროვოკაციებზე, რომელიც ომამდე მიიყვნს საქმეს". უკრაინა პროვოკაციაში დაადანაშაულა რუსეთის პრეზიდენტმა. ვლადიმირ პუტინმა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან სატელეფონო საუბარში უკრაინა პრორუს სეპარატისტებთან დაპირისპირების პროვოცირებაში დაადანაშაულა.

თავის მხრივ, უკრაინის მთავარსარდალმა რუსლან ხომჩაკმა რუსეთი უკრაინის უშიშროებისთვის საფრთხის შექმნაში დაადანაშაულა. ხომჩაკის თქმით, რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალებს აძლიერებს, ხოლო პრორუსი სეპარატისტები 2020 წლის ივლისში მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ.

დაძაბულობის ფონზე უკრაინული მხარის ინიციატივით სატალეფონო საუბარი გაიმართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებასა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანს, ენტონი ბლინკენს შორის. სატელეფონო საუბრისას ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უკრაინისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას "მიმდინარე რუსული აგრესიის წინააღმდეგ".

ეუთოს მონიტორინგის მისიამ გასულ დღეებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ასამდე ფაქტი დააფიქსირა. 26 მარტს სეპარატისტული ძალების მიერ საარტილერიო ცეცხლის გახსნას 4 უკრაინელის სამხედრო პირის სიკვდილი და ორის დაშავება მოჰყვა. უკრაინა ამ ქმედებაში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს, მაგრამ ეს უკანასკნელი ბრალს უარყოფს.

უკრაინის მთავარსარდლის, რუსლან ხომჩაკის ცნობით, რუსული სამხედრო ძალები სხვადასხვა რეგიონიდან გროვდებიან უკრაინის საზღვრებთან, ამ მოქმედებებს კი რუსული მხარე სამხედრო მზადყოფნის შენარჩუნების საჭიროებითა და წვრთნებისთვის მზადებით ამართლებს. ხომჩაკის თქმით, მოსალოდნელია საზღვართან დამატებით 25 ტაქტიკური ჯგუფის კონცენტრირება, "რაც უკრაინის სახელმწიფო საზღვართან უკვე გაგზავნილ ძალებთან ერთად უკრაინის სამხედრო უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის".

რუსლან ხომჩაკის ცნობით, ანექსირებულ ყირიმში 32 700 რუსი სამხედრო იმყოფება. რუსი ოფიცრები დამატებით 28 000 სეპარატისტს მეთაურობენ, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არიან განლაგებული.

უკრაინა, დასავლეთის ქვეყნები და ნატო რუსეთს სეპარატისტების მხარდაჭერაში, მათთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენაში ადანაშაულებენ. მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს. რუსული მხარის თქმით, ის მხოლოდ პოლიტიკურად და ჰუმანიტარული მხარდაჭერით ეხმარება რეგიონს, ხოლო რუსები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, მოხალისეები არიან. 2014 წელს მარტში ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩატარდა ე.წ. დამოუკიდებლობის რეფერენდუმი. რუსეთმა რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით ყირიმის ანექსია მოახდინა. პუტინმა ყირიმის მიერთების დოკუმენტს ხელი მოაწერა 2014 წლის 18 მარტს. ანექსიას წინ უძღოდა ევრომაიდნის მოვლენები, მაშინ უკრაინელმა ხალხმა თავისი ევროპული არჩევანი დაიცვა.

კომენტარები