დაძაბულობა აღმოსავლეთ უკრაინაში

ბაიდენმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა კვლავ დაადასტურა

2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პირველი სატელეფონო საუბარი გამართეს. 

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ბაიდენმა აშშ-ს ძლიერი მხარდაჭერა გამოხატა უკრაინისადმი. 

"პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე". - წერია განცხადებაში

ბაიდენმა ხაზი გაუსვა ადმინისტრაციის მზაობას, გამოაცოცხლოს მათი სტრატეგიული პარტნიორობა პრეზიდენტ ზელენსკის გეგმის მხარდასაჭერად კორუფციის დაძლევისა და რეფორმების  განსახორციელებლად, რომელიც ეფუძნება მათ საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს, რაც "უზრუნველყოფს სამართლიანობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას უკრაინელი ხალხისთვის".

ისინი თანხმდებიან, რომ ეს რეფორმები უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის მთავარი ნაწილია. ქვეყნების ლიდერებმა ასევე განიხილეს შეერთებული შტატებისა და უკრაინის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა პანდემიის შეკავებისა და რეგიონში დემოკრატიის განმტკიცებისთვის.

ვოლოდიმრ ზელენსკი აფასებს აშშ-ს მხარდაჭერას.

"ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ, როდესაც საქმე დემოკრატიის შენარჩუნებას ეხება. ჩემი თავდადება უკრაინის გარდაქმნისთვის, გამჭვირვალობის გაუმჯობესებისა და მშვიდობის მიღწევისთვის ძლიერია. უკრაინელებისთვის ამერიკის პარტნიორობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს". - წერს ზელენსკი

ზელესკის შტაბის უფროსის განცხადებით, მათ შორის საუბარი 50 წუთს გაგრძელდა. 

მანამდე, 1-ელ აპრილს აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ანდრიი ტარანს შორის რეგიონალური უშიშროების სიტუაციის შესახებ სატელეფონო საუბარი გაიმართა. ლოიდ ოსტინმა დაგმო რუსეთის აგრესიის და პროვოკაციული ქმედებების ბოლოდროინდელი ესკალაცია აღმოსავლეთ უკრაინაში. აშშ-ს თავდაცვის მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს მხარდაჭერა უკრაინის ძალების შესაძლებლობების გაზრდისადმი, რათა უფრო ეფექტიანად დაიცვან თავი რუსული აგრესიისგან.

ამავე დღეს NATO-მ შეშფოთება გამოხატა რუსეთის სამხედრო გაძლიერების გამო აღმოსავლეთ უკრაინაში მას შემდეგ, რაც რუსეთში განაცხადეს, რომ დონბასში სერიოზულმა ესკალაციამ, შესაძლოა, "გაანადგუროს" უკრაინა. 

კრემლში განაცხადეს, რომ უკრაინაში NATO-ს ჯარების გაგზავნა რუსეთის საზღვართან მეტ დაძაბულობას გამოიწვევს და ეს მოსკოვს აიძულებს, დამატებითი ზომები მიიღოს მისი უსაფრთხოებისთვის.

პუტინის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, თქვა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ზონაში სიტუაცია ძალიან შემაშინებელი იყო და მრავალი "პროვოკაცია" ხდებოდა. 

მანამდე, 1-ელ აპრილს, პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ძალების გადაადგილება "არავის უნდა აწუხებდეს". 

პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსულ სამხედრო ძალებს "არასოდეს არ მიუღიათ და არ იღებენ მონაწილეობას" დონბასის კონფლიქტში. მისი თქმით, კრემლს არ სურს, რომ "ომი კვლავ გააქტიურდეს უკრაინის პროვოკაციების შედეგად".

აქამდე პესკოვი ამბობდა, რომ რუსეთის ხელისუფლება "გამოთქვამს შეშფოთებას" დონბასში "მზარდი დაძაბულობის" გამო და შიშობს, რომ "უკრაინული მხარე შეიძლება წავიდეს პროვოკაციებზე, რომელიც ომამდე მიიყვნს საქმეს". უკრაინა პროვოკაციაში დაადანაშაულა რუსეთის პრეზიდენტმა. ვლადიმირ პუტინმა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან სატელეფონო საუბარში უკრაინა პრორუს სეპარატისტებთან დაპირისპირების პროვოცირებაში დაადანაშაულა.

თავის მხრივ, უკრაინის მთავარსარდალმა რუსლან ხომჩაკმა რუსეთი უკრაინის უშიშროებისთვის საფრთხის შექმნაში დაადანაშაულა. ხომჩაკის თქმით, რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალებს აძლიერებს, ხოლო პრორუსი სეპარატისტები 2020 წლის ივლისში მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ.

დაძაბულობის ფონზე უკრაინული მხარის ინიციატივით სატალეფონო საუბარი გაიმართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებასა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანს, ენტონი ბლინკენს შორის. სატელეფონო საუბრისას ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უკრაინისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას "მიმდინარე რუსული აგრესიის წინააღმდეგ".

ეუთოს მონიტორინგის მისიამ გასულ დღეებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ასამდე ფაქტი დააფიქსირა. 26 მარტს სეპარატისტული ძალების მიერ საარტილერიო ცეცხლის გახსნას 4 უკრაინელის სამხედრო პირის სიკვდილი და ორის დაშავება მოჰყვა. უკრაინა ამ ქმედებაში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს, მაგრამ ეს უკანასკნელი ბრალს უარყოფს.

უკრაინის მთავარსარდლის, რუსლან ხომჩაკის ცნობით, რუსული სამხედრო ძალები სხვადასხვა რეგიონიდან გროვდებიან უკრაინის საზღვრებთან, ამ მოქმედებებს კი რუსული მხარე სამხედრო მზადყოფნის შენარჩუნების საჭიროებითა და წვრთნებისთვის მზადებით ამართლებს. ხომჩაკის თქმით, მოსალოდნელია საზღვართან დამატებით კიდევ 25 ტაქტიკური ჯგუფის კონცენტრირება, "რაც უკრაინის სახელმწიფო საზღვართან უკვე გაგზავნილ ძალებთან ერთად უკრაინის სამხედრო უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის".

რუსლან ხომჩაკის ცნობით, ანექსირებულ ყირიმში 32 700 რუსი სამხედრო იმყოფება. რუსი ოფიცრები დამატებით 28 000 სეპარატისტს მეთაურობენ, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არიან განლაგებული.

უკრაინა, დასავლეთის ქვეყნები და ნატო რუსეთს სეპარატისტების მხარდაჭერაში, მათთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენაში ადანაშაულებენ. მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს. რუსული მხარის თქმით, ის მხოლოდ პოლიტიკურად და ჰუმანიტარული მხარდაჭერით ეხმარება რეგიონს, ხოლო რუსები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, მოხალისეები არიან. 2014 წელს მარტში ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩატარდა ე.წ. დამოუკიდებლობის რეფერენდუმი. რუსეთმა რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით ყირიმის ანექსია მოახდინა. პუტინმა ყირიმის მიერთების დოკუმენტს ხელი მოაწერა 2014 წლის 18 მარტს. ანექსიას წინ უძღოდა ევრომაიდნის მოვლენები, მაშინ უკრაინელმა ხალხმა თავისი ევროპული არჩევანი დაიცვა.

კომენტარები