დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

პუტინმა უკრაინა პრორუს სეპარატისტებთან დაპირისპირების პროვოცირებაში დაადანაშაულა

ვლადიმირ პუტინი
ფოტო: Alexei Druzhnin, Sputnik, Getty Images

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან სატალეფონო საუბარში უკრაინა პრორუს სეპარატისტებთან დაპირისპირების პროვოცირებაში დაადანაშაულა. ინფორმაციას სატელეფონო საუბრის შესხებ კრემლი ავრცელებს.

კრემლის თანახმად, სატელეფონო საუბარში პუტინმა, მერკელმა და მაკრონმა, ასევე, განიხილეს ევროკავშირში რუსული ვაქცინის რეგისტრაციის შესაძლებლობა, ლიბიისა და სირიის საკითხი და ირანის ბირთვული შეთანხმება. პუტინმა უპასუხა კითხვებს დაპატიმრებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის შესახებ.

საუბრის დროს პუტნიმა აღნიშნა, რომ კიევი სეპარატისტებთან პირდაპირ დიალოგში უნდა ჩართულიყო.

"რუსულმა მხარემ გამოთქვა სერიოზული შეშფოთება უკრაინის მიერ პროვოცირებული შეიარაღებული დაპირისპირების გამო და უკრაინის უარის გამო, შეასრულოს 2020 წლის ივლისის შეთანხმების პირობები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გასაძლიერებლად". –ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

ემანუელ მაკრონთან და ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბრამდე ცოტა ხნით ადრე უკრაინის მთავარსარდალმა რუსლან ხომჩაკმა რუსეთი უკრაინის უშიშროებისთვის საფრთხის შექმნაში დაადანაშაულა. ხომჩაკის თქმით, რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალებს აძლიერებს, ხოლო პრორუსი სეპარატისტები 2020 წლის ივლისში მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ.

უკრაინა, გერმანია, საფრანგეთი და რუსეთი ნორმანდიის ფორმატის წევრები არიან, რომელიც 2014 წელს შედგა და უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის გადაჭრას ემსახურება.

უკრაინა, დასავლეთის ქვეყნები და ნატო რუსეთს სეპარატისტების მხარდაჭერაში, მათთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენაში ადანაშაულებენ. მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს. რუსული მხარის თქმით, ის მხოლოდ პოლიტიკურად და ჰუმანიტარული მხარდაჭერით ეხმარება რეგიონს, ხოლო რუსები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, მოხალისეები არიან.

2014 წელს მარტში ყირიმის ნახევარკუნძულზე ე.წ. დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩატარდა. რუსეთმა რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით ყირიმის ანექსია მოახდინა. პუტინმა ყირიმის მიერთების დოკუმენტს ხელი მოაწერა 2014 წლის 18 მარტს. ანექსიას წინ ევრომაიდნის მოვლენები უძღოდა, მაშინ უკრაინელმა ხალხმა თავისი ევროპული არჩევანი დაიცვა.

კომენტარები