დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ევროკავშირი უკრაინას ურყევ მხარდაჭერას უცხადებს

ჯოზეფ ბორელი
europa.eu

ევროკავშირი უკრაინას ურყევ მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ დაწერა. 

ჯოზეფ ბორელმა და დმიტრიო კულებამ უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო აქტიურობის შესახებ ისაუბრეს. 

"უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას ვესაუბრე, რუსეთის მიერ უკრაინის გარშემო არსებულ სამხედრო აქტიურობასთან დაკავშირებით.

ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. დმიტრო კულებასთან ერთად ამ საკითხის დაწვრილებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე განვიხილავთ". – დაწერა ბორელმა.

სატელეფონო საუბარს თავად დმიტრო კულებაც გამოეხმაურა. 

""ევროკავშირი თქვენს გვერდითაა" - მითხრა ჯოზეფ ბორელმა" - დაწერა  კულებამ.

კულებას სიტყვების მიხედვით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო 19 აპრილს ჩატარდება.

დასავლეთის გამოხმაურების პარალელურად, რუსული სამხედო ტექნიკის უკრაინის საზღვრების მიმართულებით გადატანა გრძელდება. 4 აპრილს გავრცელდა რუსეთის სამხრეთით, ვარონეჟის ოლქში S-400-ების სარაკეტო სისტემის გადაზიდვის კადრები. S-400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა, რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე შეიარაღებაა. 


მარტის ბოლოდან ვრცელდება ვიდეო და ფოტომასალა, რომელზეც ჩანს უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიებისკენ ან ქვეყნის საზღვრებისკენ მიმავალი რუსული სამხედრო ტექნიკის ეშელონები და  ჯავშანტექნიკის კოლონები. უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების მობილიზების შესახებ ისაუბრა უკრაინის მთავარსარდალმა რუსლან ხომჩაკმაც. ხომჩაკის თანახმად, რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალებს აძლიერებს, ხოლო პრორუსი სეპარატისტები 2020 წლის ივლისში მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ.

რუსლან ხომჩაკის ცნობით, რუსული სამხედრო ძალები სხვადასხვა რეგიონიდან გროვდებიან უკრაინის საზღვრებთან, ამ მოქმედებებს კი რუსული მხარე სამხედრო მზადყოფნის შენარჩუნების საჭიროებითა და წვრთნებისთვის მზადებით ამართლებს. ხომჩაკის თქმით, მოსალოდნელია საზღვართან დამატებით 25 ტაქტიკური ჯგუფის კონცენტრირება, "რაც უკრაინის სახელმწიფო საზღვართან უკვე გაგზავნილ ძალებთან ერთად უკრაინის სამხედრო უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის".

ეუთოს მონიტორინგის მისიამ გასულ დღეებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ასზე მეტი ფაქტი დააფიქსირა. 

დაძაბული ვითარების ფონზე 2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პირველი სატელეფონო საუბარი გამართეს. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე. სატელეფონო საუბრები ასევე გაიმართა აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ანდრიი ტარანს და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორის.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა მის უკრაინელ კოლეგასთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ გერმანია ახლოდან აკვირდება სიტუაციას უკრაინისა და რუსეთის საზღვარზე. დაძაბულობას ასევე გამოეხმაურა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. დომინიკ რააბმა თქვა, რომ ბრიტანეთი სერიოზულად შეშფოთებულია რუსეთის სამხედრო აქტივობით, რაც საფრთხეს უქმნის უკრაინას.

1-ელ აპრილს NATO-მ შეშფოთება გამოხატა რუსეთის სამხედრო გაძლიერებაზე აღმოსავლეთ უკრაინაში მას შემდეგ, რაც რუსეთში განაცხადეს, დონბასში სერიოზულმა ესკალაციამ, შესაძლოა, "გაანადგუროს" უკრაინა. კრემლში განაცხადეს, რომ უკრაინაში NATO-ს ჯარების გაგზავნა რუსეთის საზღვართან მეტ დაძაბულობას გამოიწვევს და ეს მოსკოვს აიძულებს, მისი უსაფრთხოებისთვის დამატებითი ზომები მიიღოს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიხედვით, რამდენიმე თვეში NATO-ს ჯარებთან ერთად წვრთნები დაიწყება. 

1-ელ აპრილს პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ძალების გადაადგილება "არავის უნდა აწუხებდეს". აქამდე პესკოვი ამბობდა, რომ რუსეთის ხელისუფლება "გამოთქვამს შეშფოთებას" დონბასში "მზარდი დაძაბულობის" გამო და შიშობს, რომ "უკრაინული მხარე შეიძლება წავიდეს პროვოკაციებზე, რომელიც ომამდე მიიყვნს საქმეს". უკრაინა პროვოკაციაში დაადანაშაულა რუსეთის პრეზიდენტმა.

 გერმანიამ და საფრანგეთმა უკრაინასა და რუსეთის საზღვართან მზარდ დაძაბულობასთან და რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზებასთან დაკავშირებით საერთო განცხადება გაავრცელეს, სადაც ისინი "ყველა მხარეს" თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები