დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

რააბი: სერიოზულად გვაშფოთებს რუსეთის სამხედრო აქტივობა, რაც საფრთხეს უქმნის უკრაინას

დომინიკ რააბი
REUTERS

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა თქვა, რომ ბრიტანეთი სერიოზულად შეშფოთებულია რუსეთის სამხედრო აქტივობით, რაც საფრთხეს უქმნის უკრაინას.

ბოლო კვირაში ვრცელდება ვიდეო და ფოტომასალა, რომელზეც კარგად ჩანს უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიებისკენ ან ქვეყნის საზღვრებისკენ მიმავალი რუსული სამხედრო ტექნიკის ეშელონები და  ჯავშანტექნიკის კოლონები. 

"დღეს (უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან) სატელეფონო საუბრისას მე კიდევ ერთხელ დავამტკიცე ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ჩვენ სერიოზულად შეშფოთებულნი ვართ რუსეთის სამხედრო აქტივობით, რაც საფრთხეს უქმნის უკრაინას. ყირიმი უკრაინაა". – წერს დომინიკ რააბი.

დაძაბული ვითარების ფონზე 2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პირველი სატელეფონო საუბარი გამართეს

ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე.

მანამდე, 1-ელ აპრილს აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ანდრიი ტარანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ლოიდ ოსტინმა დაგმო რუსეთის აგრესიის და პროვოკაციული ქმედებების უკანასკნელი ესკალაცია აღმოსავლეთ უკრაინაში. 

ამავე დღეს NATO-მ შეშფოთება გამოხატა რუსეთის სამხედრო გაძლიერებაზე აღმოსავლეთ უკრაინაში მას შემდეგ, რაც რუსეთში განაცხადეს, დონბასში სერიოზულმა ესკალაციამ, შესაძლოა, "გაანადგუროს" უკრაინა. 

კრემლში განაცხადეს, რომ უკრაინაში NATO-ს ჯარების გაგზავნა რუსეთის საზღვართან მეტ დაძაბულობას გამოიწვევს და ეს მოსკოვს აიძულებს, მისი უსაფრთხოებისთვის დამატებითი ზომები მიიღოს.

1-ელ აპრილს პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ძალების გადაადგილება "არავის უნდა აწუხებდეს". 

აქამდე პესკოვი ამბობდა, რომ რუსეთის ხელისუფლება "გამოთქვამს შეშფოთებას" დონბასში "მზარდი დაძაბულობის" გამო და შიშობს, რომ "უკრაინული მხარე შეიძლება წავიდეს პროვოკაციებზე, რომელიც ომამდე მიიყვნს საქმეს". უკრაინა პროვოკაციაში დაადანაშაულა რუსეთის პრეზიდენტმა.

უკრაინის მთავარსარდალმა რუსლან ხომჩაკმა რუსეთი უკრაინის უშიშროებისთვის საფრთხის შექმნაში დაადანაშაულა. ხომჩაკის თქმით, რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალებს აძლიერებს, ხოლო პრორუსი სეპარატისტები 2020 წლის ივლისში მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ.

დაძაბულობის ფონზე უკრაინული მხარის ინიციატივით სატალეფონო საუბარი ასევე გაიმართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებასა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანს, ენტონი ბლინკენს შორის. სატელეფონო საუბრისას ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უკრაინისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას "მიმდინარე რუსული აგრესიის წინააღმდეგ".

ეუთოს მონიტორინგის მისიამ გასულ დღეებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ასამდე ფაქტი დააფიქსირა. 

უკრაინის მთავარსარდლის, რუსლან ხომჩაკის ცნობით, რუსული სამხედრო ძალები სხვადასხვა რეგიონიდან გროვდებიან უკრაინის საზღვრებთან, ამ მოქმედებებს კი რუსული მხარე სამხედრო მზადყოფნის შენარჩუნების საჭიროებითა და წვრთნებისთვის მზადებით ამართლებს. ხომჩაკის თქმით, მოსალოდნელია საზღვართან დამატებით 25 ტაქტიკური ჯგუფის კონცენტრირება, "რაც უკრაინის სახელმწიფო საზღვართან უკვე გაგზავნილ ძალებთან ერთად უკრაინის სამხედრო უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის".

რუსლან ხომჩაკის ცნობით, ანექსირებულ ყირიმში 32 700 რუსი სამხედრო იმყოფება. რუსი ოფიცრები დამატებით 28 000 სეპარატისტს მეთაურობენ, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არიან განლაგებული.

უკრაინა, დასავლეთის ქვეყნები და ნატო რუსეთს სეპარატისტების მხარდაჭერაში, მათთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენაში ადანაშაულებენ. მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს. რუსული მხარის თქმით, ის მხოლოდ პოლიტიკურად და ჰუმანიტარული მხარდაჭერით ეხმარება რეგიონს, ხოლო რუსები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, მოხალისეები არიან. 2014 წელს მარტში ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩატარდა ე.წ. დამოუკიდებლობის რეფერენდუმი. რუსეთმა რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით ყირიმის ანექსია მოახდინა. პუტინმა ყირიმის მიერთების დოკუმენტს ხელი მოაწერა 2014 წლის 18 მარტს. ანექსიას წინ უძღოდა ევრომაიდნის მოვლენები, მაშინ უკრაინელმა ხალხმა თავისი ევროპული არჩევანი დაიცვა.

კომენტარები