დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

პესკოვი უკრაინის საზღვართან რუსულ სამხედრო აქტივობაზე: ეს არავის უნდა აწუხებდეს

დმიტრი პესკოვი
RBK

რუსეთის პრეზიდენტის სპიკერის დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ძალების გადაადგილება "არავის უნდა აწუხებდეს". 

"რუსეთი თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს სამხედრო ძალების გადაადგილებას თავისი ტერიტორიის ფარგლებში, ეს არავის უნდა აწუხებდეს და არ წარმოადგენს არავისთვის საფრთხეს. ვიღებთ ზომებს ჩვენი საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. მიმდინარეობს ნატოს ქვეყნების აქტიურობის გაზრდა და ა.შ. რაც გვაიძულებს, ყურადღებით ვიყოთ." – თქვა კრემლის სპიკერმა.

პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსულ სამხედრო ძალებს "არასოდეს არ მიუღიათ და არ იღებენ მონაწილეობას" დონბასის კონფლიქტში. მისი თქმით, კრემლს არ სურს, რომ "ომი კვლავ გააქტიურდეს უკრაინის პროვოკაციების შედეგად".

აქამდე პესკოვი ამბობდა, რომ რუსეთის ხელისუფლება "გამოთქვამს შეშფოთებას" დონბასში "მზარდი დაძაბულობის" გამო და შიშობს, რომ "უკრაინული მხარე შეიძლება წავიდეს პროვოკაციებზე, რომელიც ომამდე მიიყვნას საქმეს". უკრაინა პროვოკაციაში დაადანაშაულა რუსეთის პრეზიდენტმა. ვლადიმირ პუტინმა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან სატალეფონო საუბარში უკრაინა პრორუს სეპარატისტებთან დაპირისპირების პროვოცირებაში დაადანაშაულა.

თავის მხრივ, უკრაინის მთავარსარდალმა რუსლან ხომჩაკმა რუსეთი უკრაინის უშიშროებისთვის საფრთხის შექმნაში დაადანაშაულახომჩაკის თქმით, რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალებს აძლიერებს, ხოლო პრორუსი სეპარატისტები 2020 წლის ივლისში მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ.

დაძაბულობის ფონზე უკრაინული მხარის ინიციატივით სატალეფონო საუბარი გაიმართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტ დმიტრო კულებასა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანს, ენტონი ბლინკენს შორის. სატელეფონო საუბრისას ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უკრაინისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას "მიმდინარე რუსული აგრესიის წინააღმდეგ".

ეუთოს მონიტორინგის მისიამ გასულ დღეებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ასამდე ფაქტი დააფიქსირა. 26 მარტს სეპარატისტული ძალების მიერ საარტილერიო ცეცხლის გახსნას 4 უკრაინელის სამხედროს სიკვდილი და ორის დაშავება მოჰყვა. უკრაინა ამ ქმედებაში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს, მაგრამ ეს უკანასკნელი ბრალს უარყოფს.

უკრაინის მთავარსარდლის, რუსლან ხომჩაკის თანახმად, რუსული სამხედრო ძალები სხვადასხვა რეგიონიდან გროვდებიან უკრაინის საზღვრებთან, ამ მოქმედებებს კი რუსული მხარე სამხედრო მზადყოფნის შენარჩუნების საჭიროებითა და წვრთნებისთვის მზადებით ამართლებს. ხომჩაკის თტქმით, მოსალოდნელია საზღვართან დამატებით 25 ტაქტიკური ჯგუფის კონცენტრირება, "რაც უკრაინის სახელმწიფო საზღვართან უკვე გაგზავნილ ძალებთან ერთად უკრაინის სამხედრო უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის".

რუსლან ხომჩაკის ცნობით, ანექსირებულ ყირიმში 32 700 რუსი სამხედრო იმყოფება. რუსი ოფიცრები დამატებით 28 000 სეპარატისტს მეთაურობენ, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არიან განლაგებული.

უკრაინა, დასავლეთის ქვეყნები და ნატო რუსეთს სეპარატისტების მხარდაჭერაში, მათთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენაში ადანაშაულებენ. მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს. რუსული მხარის თქმით, ის მხოლოდ პოლიტიკურად და ჰუმანიტარული მხარდაჭერით ეხმარება რეგიონს, ხოლო რუსები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, მოხალისეები არიან.

2014 წელს მარტში ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩატარდა ე.წ. დამოუკიდებლობის რეფერენდუმი. რუსეთმა რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით ყირიმის ანექსია მოახდინა. პუტინმა ყირიმის მიერთების დოკუმენტს ხელი მოაწერა 2014 წლის 18 მარტს. ანექსიას წინ უძღოდა ევრომაიდნის მოვლენები, მაშინ უკრაინელმა ხალხმა თავისი ევროპული არჩევანი დაიცვა.

 

კომენტარები