უკრაინა-საქართველო

კანდელაკი უკრაინაზე: ეტყობა, ჩვენი პრემიერის დონე არ არის ეს მნიშვნელოვანი პროცესი

Facebook/ Giorgi Kandelaki

ევროპული საქართველოს წევრი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების მობილიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება ქვეყნისთვის საზიანოდ პასიურობს. 

ამის შესახებ გიორგი კანდელაკმა ბრიფინგზე ისაუბრა. ყოფილი დეპუტატის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ, რაც ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ტოომას ჰენდრიკ ილვესმა გააკრიტიკა ხელისუფლება პასიურობის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თავის უკრაინელ კოლეგას დაურეკა, ეს ზარი ილვესის მწვავე განცხადების, გაშლილი დისკუსიისა და წარმოქმნილი ზეწოლის შედეგად მოხდა და არა პროაქტიურად. 

"ეს ზარი იყო მხოლოდ რეაგირება იმ ლეგიტიმურ უკმაყოფილებასა და ზეწოლაზე, რაც წარმოიქმნა როგორც ჩვენს საზოგადოებაში, ასევე მეგობრებს შორის და, ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ ეს ზარი არ ყოფილა პრემიერმინისტრის მხრიდან. ეტყობა, პრემიერის დონე არ არის ჩვენს რეგიონში მიმდინარე ასეთი მნიშვნელოვანი პროცესი, მაშინ, როცა აშშ-ს პრეზიდენტი ურეკავს უკრაინის პრეზიდენტს. ეტყობა, დრო არ აქვს ბატონ ღარიბაშვილს, უფრო მნიშვნელოვანი ზარებითაა დაკავებული". – ამბობს გიორგი კანდელაკი. 

ევროპული საქართველოს წევრის თქმით, ზალკალიანმა "მოვალეობის მოხდის მიზნით" დაურეკა კოლეგას და ეს ვერ გადაფარავს საქართველოს საგარეო პოლიტიკის "ეროზიისა და რუსეთის სასარგებლოდ გადახრის ყველაზე ნათელ მაგალითს", რაც არის საქართველოს ქცევა უკრაინის საკითხზე მთელი ამ წლების განმავლობაში. 

"ნაცვლად იმისა, რომ გამოგვეყენებინა უკრაინის ირგვლივ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსენსუსი და მობილიზება, და მოგვეხვედრებინა დღის წესრიგში ჩვენი ოკუპაციის, ჩვენი დევნილებ ის საკითხიც და თუნდაც ოკუპაციის ხაზის გადაკვეთის საკითხი, რომ ისეთი ტრაგედიები აღარ მოხდეს, რაც მოხდა გუშინ, მთელი ამ წლების განმავლობაში ორმხრივ ფომრატში, კიევში არ ჩასულა საქართველოს არცერთი პრემიერმინისტი არცერთხელ. იყო მხოლოდ გახარია სუამის ფორმატში, რაც, რა თქმა უნდა, არ ითვლება. 

საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო და უკრაინა არ გამოდიან ერთ გუნდად, ასე რომ ვთქვათ, არ იყენებს საქართველო ამ საკითხს ჩვენი ოკუპაციის აქტუალიზაციისთვის. ეს მხოლოდ მორალური საკითხი კი არ არის და, ასე ვთქვათ, ვალის დაბრუნება, ჩვენ აფხაზეთის ომის დროსაც, შემდეგაც, უკრაინა ყოველთვის გვერდში გვედგა, ეს პრაგმატული საკითხიც არის, რადგან ეს არის საკითხი, რომლის დროსაც საქართველომ უნდა შეძლოს საკუთარი პრობლემის აქტუალიზება". – თქვა გიორგი კანდელაკმა. 

7 აპრილს ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ტოომას ჰენდრიკ ილვესმა Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე დუმილის გამო. 

აქედან რამდენიმე საათში საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა Twitter-ზევე დაწერა, რომ ის ესაუბრა თავის უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას და გამოხატა შეშფოთება აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე. 


მარტის ბოლოდან ვრცელდება ვიდეო- და ფოტომასალა, რომელზეც ჩანს უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიებისკენ ან ქვეყნის საზღვრებისკენ მიმავალი რუსული სამხედრო ტექნიკის ეშელონები და  ჯავშანტექნიკის კოლონები. უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების მობილიზების შესახებ ისაუბრა უკრაინის მთავარსარდალმა რუსლან ხომჩაკმაც. ხომჩაკის თქმით, რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალებს აძლიერებს, ხოლო პრორუსი სეპარატისტები 2020 წლის ივლისში მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ.

რუსლან ხომჩაკის ცნობით, რუსული სამხედრო ძალები სხვადასხვა რეგიონიდან გროვდებიან უკრაინის საზღვრებთან, ამ მოქმედებებს კი რუსული მხარე სამხედრო მზადყოფნის შენარჩუნების საჭიროებითა და წვრთნებისთვის მზადებით ამართლებს. ხომჩაკის თქმით, მოსალოდნელია საზღვართან დამატებით 25 ტაქტიკური ჯგუფის კონცენტრირება, "რაც უკრაინის სახელმწიფო საზღვართან უკვე გაგზავნილ ძალებთან ერთად უკრაინის სამხედრო უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის".

ეუთოს მონიტორინგის მისიამ გასულ დღეებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ასზე მეტი ფაქტი დააფიქსირა. 

დაძაბული ვითარების ფონზე 2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პირველი სატელეფონო საუბარი გამართეს. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე. სატელეფონო საუბრები ასევე გაიმართა აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ანდრიი ტარანს და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორის.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა თავის უკრაინელ კოლეგასთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ გერმანია ახლოდან აკვირდება სიტუაციას უკრაინისა და რუსეთის საზღვარზე. დაძაბულობას ასევე გამოეხმაურა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. დომინიკ რააბმა თქვა, რომ ბრიტანეთი სერიოზულად შეშფოთებულია რუსეთის სამხედრო აქტივობით, რაც საფრთხეს უქმნის უკრაინას.

1-ელ აპრილს NATO-მ შეშფოთება გამოხატა რუსეთის სამხედრო გაძლიერებაზე აღმოსავლეთ უკრაინაში მას შემდეგ, რაც რუსეთში განაცხადეს, დონბასში სერიოზულმა ესკალაციამ, შესაძლოა, "გაანადგუროს" უკრაინა. კრემლში განაცხადეს, რომ უკრაინაში NATO-ს ჯარების გაგზავნა რუსეთის საზღვართან მეტ დაძაბულობას გამოიწვევს და ეს მოსკოვს აიძულებს, თავისი უსაფრთხოებისთვის დამატებითი ზომები მიიღოს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიხედვით, რამდენიმე თვეში NATO-ს ჯარებთან ერთად წვრთნები დაიწყება. 

1-ელ აპრილს პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ძალების გადაადგილება "არავის უნდა აწუხებდეს". აქამდე პესკოვი ამბობდა, რომ რუსეთის ხელისუფლება "გამოთქვამს შეშფოთებას" დონბასში "მზარდი დაძაბულობის" გამო და შიშობს, რომ "უკრაინული მხარე შეიძლება წავიდეს პროვოკაციებზე, რომელიც ომამდე მიიყვნს საქმეს". უკრაინა პროვოკაციაში დაადანაშაულა რუსეთის პრეზიდენტმა.

 გერმანიამ და საფრანგეთმა უკრაინასა და რუსეთის საზღვართან მზარდ დაძაბულობასთან და რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზებასთან დაკავშირებით საერთო განცხადება გაავრცელეს, სადაც ისინი "ყველა მხარეს" თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.

უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა ევროკავშირმაც.

კომენტარები