დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

უკრაინის მთავარსარდალი: რუსეთი აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას უკრაინის წინააღმდეგ

რუსლან ხომჩაკი
უკრაინის გენშტაბის პრესსამსახური

უკრაინის მთავარსარდალმა, რუსლან ხომჩაკმა რუსეთი უკრაინის უშიშროებისთვის საფრთხის შექმნაში დაადანაშაულა. ხომჩაკის თანახმად, რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალებს აძლიერებს, ხოლო პრორუსი სეპარატისტები 2020 წლის ივლისში მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ.

"რუსეთის ფედერაცია აგრძელებს თავის აგრესიულ პოლიტიკას უკრაინის წინააღმდეგ". – თქვა ხომჩაკმა უკრაინის პარლამენტში გამოსვლის დროს.

მთავარსარდლის თანახმად, რუსული სამხედრო ძალები სხვადასხვა რეგიონიდან გროვდებიან უკრაინის საზღვრებთან, ამ მოქმედებებს კი რუსული მხარე სამხედრო მზაობის შენარჩუნების საჭიროებითა და წვრთნებისთვის მზადებით ამართლებს.

"მოსალოდნელია დამატებით 25 ტაქტიკური ჯგუფის კონცენტრირება, რაც უკრაინის სახელმწიფო საზღვართან უკვე გაგზავნილ ძალებთან ერთად უკრაინის სამხედრო უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის". – თქვა მთავარსარდალმა ხომჩაკმა.

რუსლან ხომჩაკის თანახმად, ანექსირებულ ყირიმში 32 700 რუსი სამხედრო იმყოფება. რუსი ოფიცრები დამატებით 28 000 სეპარატისტს მეთაურობენ, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არიან განლაგებული.

უკრაინა, დასავლური ქვეყნები და ნატო რუსეთს სეპარატისტების მხარდაჭერაში, მათთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენაში ადანაშაულებენ. მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს. რუსული მხარის თანახმად, ის მხოლოდ პოლიტიკურად და ჰუმანიტარული მხარდაჭერით ეხმარება რეგიონს, ხოლო რუსები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, მოხალისეები არიან.

2014 წელს მარტში ყირიმის ნახევარკუნძულზე ე.წ. დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩატარდა. რუსეთმა რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით ყირიმის ანექსია მოახდინა. პუტინმა ყირიმის მიერთების დოკუმენტს ხელი მოაწერა 2014 წლის 18 მარტს. ანექსიას წინ ევრომაიდნის მოვლენები უძღოდა, მაშინ უკრაინელმა ხალხმა თავისი ევროპული არჩევანი დაიცვა.

კომენტარები