დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

გერმანია და საფრანგეთი უკრაინა-რუსეთზე: ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი, ანგელა მერკელი, ემანუელ მაკრონი და ვლადიმირ პუტინი პარიზში. 2019 წლის 9 დეკემბერი. 
REUTERS

გერმანიამ და საფრანგეთმა უკრაინასა და რუსეთის საზღვართან მზარდ დაძაბულობასთან და რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზებასთან დაკავშირებით საერთო განცხადება გაავრცელეს, სადაც ისინი "ყველა მხარეს" თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.

"საფრანგეთი და გერმანია შეშფოთებულნი არიან აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის დარღვევების მზარდი რიცხვით მას შემდეგ, რაც ვითარება 2020 წლის ივლისიდან დასტაბილურდა. ჩვენ ახლოდან ვაკვირდებით სიტუაციას და განსაკუთრებით რუსეთის ჯარების გადაადგილებას და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და იმუშაონ დაძაბულობის დაუყოვნებლივ დეესკალაციისკენ. 

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. როგორც ნორმანდიის ფორმატის შუამავლები, საფრანგეთი და გერმანია მინსკის შეთანხმებების სრულად შესრულებისთვის თავიანთ ძალისხმევას აგრძელებენ და ამ მიზნით რეგულარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ამ თვალსაზრისით, ჩვენ მივესალმებით ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის უკრაინის მანდატის გაფართოებას და მოვითხოვთ, რომ დასრულდეს მისიის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, რათა მათ შეძლონ თავიანთი მანდატის შესაბამისად თავიანთი მისიის შესრულება". – ვკითხულობთ განცხადებაში. 

განცხადებას გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი:

"თქვენ იცით, ვინ არის პასუხისმგებელი ბოლო კვირებში სამხედრო დაძაბულობისა და სიკვდილიანობის ზრდაზე. უმჯობესია, დარწმუნდეთ, რომ მათ თავიანთ სახელს უწოდებთ "ყველა მხარისკენ" მოწოდების ნაცვლად. ეს განცხადება გამოსადეგის გარდა ყველაფერია, და ეს მხოლოდ პუტინის ხელში თამაშობს". 

საფრანგეთის და გერმანიის ერთობლივ განცხადებას ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტომას ჰენდრიკ ილვესიც კრიტიკულად გამოეხმაურა.

"ამრიგად, რუსების ჯარი, რომელიც უკვე შენ ტერიტორიაზეა, პერსონალს და [შეიარაღებას] ზრდის. გერმანია დეესკალაციისკენ მოგიწოდებთ. რა გჭირთ? გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში სულელები ნამდვილად არ არიან. უხერხემლოები და ამორალურები ხართ. სირცხვილი". - წერს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი. 

ის ასევე გერმანიასთან მიმართებით წერს, რომ ასე ხდება მაშინ, როდესაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკა Nord Stream 2-ის მსგავსი შეთანხმებებით არის განპირობებული. 

"მოდით, არ გავაღიზიანოთ რუსეთი თავის აგრესიისთვის - ეს სამარცხვინო განცხადება არის მტკიცებულება, თუ რამდენად გაყიდვადია თუნდაც ასეთი დიდი ევროპული ქვეყნის საგარეო პოლიტიკა". – დასძინა ილვესმა. 

მზარდ დაძაბულობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმაც გაავრცელეს საერთო განცხადება, სადაც ისინი რუსეთს მოუწოდებენ, შეწყვიტოს სამხედრო პროვოკაცია და უკრაინის დაშინება.


ბოლო კვირაში ვრცელდება ვიდეო და ფოტომასალა, რომელზეც ჩანს უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიებისკენ ან ქვეყნის საზღვრებისკენ მიმავალი რუსული სამხედრო ტექნიკის ეშელონები და  ჯავშანტექნიკის კოლონები. უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების მობილიზების შესახებ ისაუბრა უკრაინის მთავარსარდალმა რუსლან ხომჩაკმაც. ხომჩაკის თანახმად, რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალებს აძლიერებს, ხოლო პრორუსი სეპარატისტები 2020 წლის ივლისში მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ.

რუსლან ხომჩაკის ცნობით, რუსული სამხედრო ძალები სხვადასხვა რეგიონიდან გროვდებიან უკრაინის საზღვრებთან, ამ მოქმედებებს კი რუსული მხარე სამხედრო მზადყოფნის შენარჩუნების საჭიროებითა და წვრთნებისთვის მზადებით ამართლებს. ხომჩაკის თქმით, მოსალოდნელია საზღვართან დამატებით 25 ტაქტიკური ჯგუფის კონცენტრირება, "რაც უკრაინის სახელმწიფო საზღვართან უკვე გაგზავნილ ძალებთან ერთად უკრაინის სამხედრო უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის".

ეუთოს მონიტორინგის მისიამ გასულ დღეებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ასამდე ფაქტი დააფიქსირა. 

დაძაბული ვითარების ფონზე 2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პირველი სატელეფონო საუბარი გამართეს. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე. სატელეფონო საუბრები ასევე გაიმართა აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ანდრიი ტარანს და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორის.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა მის უკრაინელ კოლეგასთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ გერმანია ახლოდან აკვირდება სიტუაციას უკრაინისა და რუსეთის საზღვარზე. დაძაბულობას ასევე გამოეხმაურა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. დომინიკ რააბმა თქვა, რომ ბრიტანეთი სერიოზულად შეშფოთებულია რუსეთის სამხედრო აქტივობით, რაც საფრთხეს უქმნის უკრაინას.

1-ელ აპრილს NATO-მ შეშფოთება გამოხატა რუსეთის სამხედრო გაძლიერებაზე აღმოსავლეთ უკრაინაში მას შემდეგ, რაც რუსეთში განაცხადეს, დონბასში სერიოზულმა ესკალაციამ, შესაძლოა, "გაანადგუროს" უკრაინა. კრემლში განაცხადეს, რომ უკრაინაში NATO-ს ჯარების გაგზავნა რუსეთის საზღვართან მეტ დაძაბულობას გამოიწვევს და ეს მოსკოვს აიძულებს, მისი უსაფრთხოებისთვის დამატებითი ზომები მიიღოს.

1-ელ აპრილს პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ძალების გადაადგილება "არავის უნდა აწუხებდეს". აქამდე პესკოვი ამბობდა, რომ რუსეთის ხელისუფლება "გამოთქვამს შეშფოთებას" დონბასში "მზარდი დაძაბულობის" გამო და შიშობს, რომ "უკრაინული მხარე შეიძლება წავიდეს პროვოკაციებზე, რომელიც ომამდე მიიყვნს საქმეს". უკრაინა პროვოკაციაში დაადანაშაულა რუსეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები