რუსული რეჟიმი

უიკერი და შაჰინი: ოცნება დამოუკიდებელი ხმების ჩახშობით ძალაუფლების კონსოლიდაციას ცდილობს

აშშ-ს დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი და აშშ-ს სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტისა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი ივანიშვილის რეჟიმის მიერ სამოქალაქო საზოგადოების დევნასა და სხვა "ანტიდემოკრატიულ" ქმედებებზე საერთო განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქართული ოცნების მიერ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები ძალაუფლების აგრესიულ კონსოლიდაციას წარმოადგენს.

"'ქართული ოცნების' მოქმედებები, რომლებიც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ მართულ პროცესადაა მიჩნეული, მნიშვნელოვანი ორგანიზაციების პარალიზებას ისახავს მიზნად" - წერია სენატორების განცხადებაში.

ასევე, სენატორები აკრიტიკებენ რეჟიმის მიერ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებებს.

გთავაზობთ განცხადების სრულ ტექსტს:

'ქართული ოცნების' ხელისუფლება დამოუკიდებელი ხმების ჩახშობითა და ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც ბელარუსის ლუკაშენკოს რეჟიმს მოგვაგონებს, ძალაუფლების კონსოლიდაციას აგრესიულად ცდილობს. სამოქალაქო საზოგადოებისგან მოთხოვნილი ინფორმაციის მოცულობა, სავარაუდოდ, უკანონოა, მაგრამ იმდენად მასშტაბურია, რომ მოთხოვნის შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.

'ქართული ოცნების' მოქმედებები, რომლებიც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ მართულ პროცესადაა მიჩნეული, ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციების პარალიზებას ისახავს მიზნად, როგორებიც არიან: 'სამოქალაქო საზოგადოების ფონდი', 'ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი', 'საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო', 'საფარი', 'მომავლის აკადემია', 'მედიის განვითარების ფონდი' და 'სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება' (ISFED).

გარდა ამისა, 'ქართულმა ოცნებამ' მიმდინარე კვირაში პოლიტიკური ოპონენტების დევნა დააჩქარა, პოლიტიკური მოტივით წაყენებული ბრალდებებით რამდენიმე პროდემოკრატიული ლიდერი დააკავა და პატიმრობა მიუსაჯა.

მარტივად რომ ვთქვათ, დემოკრატიულმა მთავრობებმა არ უნდა აღიქვან საფრთხედ ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც მხარს უჭერენ დამოუკიდებელ მედიას, ებრძვიან კრემლის პროპაგანდას, კორუფციას და იცავენ ქალებისა და ახალგაზრდების ინტერესებს.

ისევე, როგორც ეს ჯგუფები ხელისუფლების ზეწოლისგან ქართველი მოქალაქეების და ინფორმატორების პირად მონაცემებს დაიცავენ, ჩვენც გამოვიყენებთ ჩვენს ხმას და საკანონმდებლო ბერკეტებს მათ მხარდასაჭერად. სწორედ ამ მიზნით, მხარს ვუჭერთ ორპარტიულ 'MEGOBARI აქტის' წინ წაწევას მაშინვე, როგორც კი სენატის განრიგი ამის საშუალებას მოგვცემს


არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, ანტიკორუფციულმა უწყებამ სასამართლოს მეშვეობით რუსული კანონების აღსრულება დაიწყო. კერძოდ, 17 ივნისს NGO-ებისგან მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების პირადი მონაცემები მოითხოვეს.

"17 ივნისს ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ ანტიკონსტიტუციური რუსული კანონების აღსრულება მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით დაიწყო. ისინი ჩვენგან, უფლებადამცველებისგან, სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ითხოვენ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების - წამების მსხვერპლების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, მოსწავლეების, სტუდენტების, მასწავლებლების, პენსიონერების, შშმ პირების, მეწარმეების, მამხილებლების, ჟურნალისტების, დამკვირვებლების, უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეებისა და მათი ოჯახის წევრების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას, კერძოდ, ყველა იმ ადამიანის პირადი ნომრების, სახელების, გვარების, ფოტოსურათების, ფინანსური და საბანკო ინფორმაციისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ინფორმაციის გადაცემას, ვინც გვენდობოდა და ჩვენი დახმარებით უსარგებლია" - ნათქვამია განცხადებაში.

მათი განცხადებით, პერსონალურ მონაცემებს რეჟიმს არ გადასცემენ და აღნიშნული ბრძანებების წინააღმდეგ სამართლებრივ გზებს მიმართავენ.

გარდა ამისა, 24 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა და 2 წლის ვადით საჯარო თანამდებობის დაკავება აუკრძალა. ვაშაძე პარტიის ოფისში დააპატიმრეს

23 ივნისს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რეჟიმმა ლელოს ლიდერებს, ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს 23 ივნისს 8-8 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ამასთან ერთად, აუკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოიტანა.

ჯაფარიძე და ხაზარაძე პოლიციამ პარტიის ოფისში დააკავა.

ასევე 23 ივნისს იგივე ბრალდებით, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის საქმეზე, ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. ვაშაძემ თანხის გადახდის ნაცვლად, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ჩადო.

ქართული ოცნების "საგამოძიებო კომისიამ" გიორგი ვაშაძე 11 აპრილის სხდომაზე დაიბარა. ვაშაძემ კომისიაზე მისვლაზე უარი თქვა. 

კომენტარები