რუსული რეჟიმი

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საერთაშორისო სამართალს ხაზი გადაუსვა - პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი  ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. 

"ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია დეზინფორმაციული ნარატივების შექმნის ტიპური მაგალითია [...] ამგვარი ტექსტების შეთხზვაში ჩართულები არიან ჯო უილსონი და ევროპელი ანტიქართველები. ეს არის პირდაპირი სიყალბე და დეზინფორმაცია, რომელსაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელით ავრცელებენ.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სამწუხარო რეალობას, სადაც ჩვენ ვართ - წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი რომ მოირღვა, ამაში მარტო რუსეთის წვლილი არ არის, სწორედ ასეთი ასამბლეების წვლილიც არის - ამ შემთხვევაში, კერძოდ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეისაც, რომელმაც საერთოდ გადაუსვა ხაზი საერთაშორისო სამართალს, სამართლის ძირითად პრინციპებს და რუსეთის მსგავსად, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის ძირის გამომთხრელად იქცა". - თქვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

შეგახსენებთ, 8 ივლისს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. დოკუმენტი ასევე ითხოვს სამოქალაქო თავისუფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმებას და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, არ ცნოს ისეთი არჩევნების შედეგები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.

რეზოლუცია - "საქართველოში არჩევნების კეთილსინდისიერებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის შესახებ" - ჰააგის დეკლარაციის ნაწილი გახდა. ეს არის ასამბლეის 33-ე ყოველწლიური სესიის დასკვნითი დოკუმენტი, რომელიც 4-8 ივლისს ნიდერლანდებში გაიმართა. სესიას ქართული ოცნების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ასამბლეის სამუშაო პროცესი რეზოლუციის მიმართ პროტესტის ნიშნით დატოვეს.

კომენტარები