რუსული რეჟიმი

ზარქუა: კაია კალასი თავქარიანი, ქარაფშუტა პოლიტიკოსია

ივანიშვილის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა.

"ის ერთი თავქარიანი, ქარაფშუტა პოლიტიკოსია, რომლის პოლიტიკამაც ევროკავშირი აქამდე მიიყვანა [...] აი ასეთი არაკომპეტენტური, ქარაფშუტული პოლიტიკის შედეგად, რასაც კალასები და მისი სადაქალო ევროკავშირის შიგნით ატარებს. 

შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების კონფერენციას აკეთებენ, საქართველო არ არის და სომხეთია მიწვეული. ეს არის ჯერ გეოგრაფიის არცოდნა, მერე არაკომპეტენტურობა და ქარაფშუტობა. სწორედ ეს არის მათი პოლიტიკა [...] თანდათან, კალასებისა და რაისა კომუნისტკების პოლიტიკა წარსულს ბარდება და უახლოეს პერიოდში, ევროპარლამენტში ჯანსაღ ევროპოლიტიკას ვიხილავთ". - თქვა ზარქუამ. 

ევროკავშირის შავი ზღვის სტრატეგიაზე საუბრისას კალასმა აღნიშნა, რომ EU-ს ქართული ოცნების მთავრობასთან კავშირები არ აქვს: "საქართველოსთან სირთულეები გვაქვს, რადგან რეალურად მთავრობასთან კავშირები არ გვაქვს და არ გვსურს მთავრობის მხარდაჭერა, არამედ ქართველი ხალხის მხარდაჭერა გვინდა. ჩვენ გვქონდა დისკუსიები იმის შესახებ, თუ რა არის საუკეთესო გზა ამის მისაღწევად, რათა ხალხმა იმედი არ დაკარგოს." – თქვა კალასმა ევროსკოპის კითხვაზე პასუხისას. 


ევროკავშირის შავი ზღვის სტრატეგიული მიდგომა ევროკომისიისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ გასული წლის მაისში გამოქვეყნებული კომუნიკეა, რომელიც რეგიონისთვის პრიორიტეტებსა და ინიციატივებს განსაზღვრავს. აღნიშნული გეგმის მიზანია, რომ შავი ზღვის რეგიონი უფრო უსაფრთხო გახდეს, უკეთ დაუკავშირდეს ევროპასა და ნაკლებად მოწყვლადი იყოს რუსეთის წინაშე.

2025 წლის ოქტომბერში ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლების მონაწილეობით რეგიონთაშორის უსაფრთხოებასა და დაკავშირებადობაზე შეხვედრა გაიმართა, რომელზეც საქართველო წარმოდგენილი არ ყოფილა. მინისტერიალზე, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაც განიხილეს, საქართველო არ მიიწვიეს.

საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე კალასმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი სომხეთისთვის ახალ საპარტნიორო  მისიაზე შეთანხმებასაც აპირებს, რათა ქვეყანაში ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავება შესაძლებელი იყოს. 

კომენტარები