ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე "დიფ სთეითსა" და მის გავლენებზე ისაუბრა. მისი თქმით, ლოგიკურია ევროპელი პოლიტიკოსების ბრალდებებიც იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპული სტრუქტურები ანგარიშვალდებულია არა საკუთარი ამომრჩევლის, არამედ სწორედ დიფ სთეითი წინაშე. შესაბამისად, მათ მიერ გატარებული პოლიტიკაც მთლიანად არაფორმალურ, ოლიგარქიულ ინტერესებზეა აწყობილი.
კობახიძის აზრით, ქართული ოცნების პრინციპულ, ეროვნულ პოზიციას უკავშირდება საქართველოს წინააღმდეგ წამოწყებული აბსურდული, მაგრამ მძიმე პროცესი, სადაც დიფ სთეითი იყენებს ყველა იმ ბერკეტს, რომელიც არსენალში აქვს.
"ამ ფონზე, ლოგიკურია ევროპელი პოლიტიკოსების ბრალდებებიც იმასთან დაკავშირებით, რომ ბრიუსელი და ზოგადად ევროპული სტრუქტურები თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებების უმრავლესობა, ანგარიშვალდებულია არა საკუთარი ამომრჩევლის, არამედ სწორედ დიფ სთეითი წინაშე. შესაბამისად, მათ მიერ გატარებული პოლიტიკაც მთლიანად არაფორმალურ, ოლიგარქიულ ინტერესებზეა აწყობილი. დიფ სთეითის გავლენა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე კონკრეტული მოვლენების ზედაპირული ანალიზითაც კი მარტივად დგინდება. […]
მარტივად ახსნადია ის, თუ რატომ იქცა საქართველო, ქართველი ხალხი და მის მიერ კანონიერად არჩეული ხელისუფლება დიფ სთეითის მთავარ სამიზნედ 2022 წლის შემდეგ, როდესაც საქართველომ მეორე ფრონტის გახსნაზე და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან მიერთებაზე უარი თქვა ანუ არ წავიდა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, 2008 წლისგან განსხვავებით, არ წამოიეგო დიფ სთეითის მორიგ ავანტიურას და საკუთარი სუვერენიტეტის, მშვიდობისა და ეკონომიკის მტკიცედ დაცვა გადაწყვიტა.
სწორედ საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ, ეროვნულ პოზიციას უკავშირდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წამოწყებული აბსურდული, მაგრამ მძიმე პროცესი, რომლის ფარგლებში, საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ ყველა იმ ბერკეტს, რომელიც დიფ სთეითს აქვს არსენალში, მათ შორის, ერთ დროს ევტორიტეტულ ევროპულ ინსტიტუტებს." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ივანიშვილის პრემიერმა აგრეთვე დაასახელა, თუ რა არის დიფ სთეითის მიერ შეთავაზებული კომფორტის ფასი: ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელება, ლგბტ პროპაგანდა, მიგრანტების იძულებითი მიღება, სახელმწიფო სუვერენიტეტზე და ეროვნულ იდენტობაზე უარის თქმა, ეკონიმიკის სტაგნაცია და ა.შ.
მისი აზრით, ფაქტია, რომ ვერც უსამართლო რეზოლუციებით, ვერც აბსურდული განცხადებებით და ვერც რევოლუციის მცდელობებით დიფ სთეითი საქართველოში სასურველი შედეგის მიღწევას ვერ ახერხებს.
"ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელება, ლგბტ პროპაგანდა, მიგრანტების იძულებითი მიღება, სახელმწიფო სუვერენიტეტზე და ეროვნულ იდენტობაზე უარის თქმა, ეკონიმიკის სტაგნაცია და ა.შ. - სწორედ ასეთია დიფ სთეითის მიერ შეთავაზებული კომფორტის ფასი. ფასი, რომელმაც ევროკავშირი და ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნები უმძიმეს შედეგებამდე მიიყვანა. მოშლილ ეროვნულ, პიროვნულ და რელიგიურ იდენტობასთან ერთად, ხაზგასასმელია უმძიმესი ეკონომიკური ტენდენციები. […]
თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არჩევანი აქვს და ამდენ აბსურდულ რეზოლუციასთან და რევოლუციის მცდელობებთან გამკლავებასთან დიფ სთეითის თამაშის წესებზე დაყოლა ჯობს, როგორც ამას თავის დროზე ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი და უშუალოდ მიხეილ სააკაშვილი აკეთებდა, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს არჩევანი საქართველოს არა მხოლოდ ეკონომიკის და ტრადიციული ღირებულებითი სისტემის განადგურებად, არამედ სუვერენიტეტის სრულად დაკარგვად შეიძლება დაუჯდეს, რადგან საქართველოს შემთხვევაში ხელისუფლების მიერ ეროვნულის გარდა, ნებისმიერი სხვა პოლიტიკის გატარება ქვეყნისთვის ეგზისტენციური საფრთხის შემცველია. […]
ფაქტია, რომ ვერც უსამართლო რეზოლუციებით, ვერც აბსურდული განცხადებებით და ვერც რევოლუციის მცდელობებით დიფ სთეითი საქართველოში სასურველი შედეგის მიღწევას ვერ ახერხებს, მითუმეტეს, რომ 2024-2025 წლებში ქართველმა ხალხმა სწორედ ამ ყველაფრის ფონზე დაუჭირა მხარი ქართულ ოცნებას." - განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.




