რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სამხრეთ კორეა: რუსეთში გაგზავნილი ჩრდ. კორეელი ჯარისკაცები კურსკში ფრონტზე იბრძვიან

სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთში გაგზავნილი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები კურსკის რეგიონში სამხედრო მოქმედებებში არიან ჩართული. 

"რუსეთში გაგზავნილი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები კურსკის რეგიონის ფრონტის ხაზზე იმყოფებიან და უკვე ერთვებიან საბრძოლო მოქმედებებში" – ნათქვამია განცხადებაში. 

5 ნოემბერს უკრაინის თავდაცვის მინისტრმაც განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები პირველად დაუპირისპირდნენ კურსკის ოლქში გადასხმულ ჩრდილოეთკორეელთა დანაყოფებს. 

21 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა  ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში ჯარების გადაყვანასთან დაკავშირებული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.

"ჩვენ ბევრ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ვხედავთ, სამხრეთ კორეელები ერთს ამბობენ, შემდეგ პენტაგონი ამბობს, რომ ამის მტკიცებულებები არ მოეპოვებათ, ამიტომ, ბევრი წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ვრცელდება. ალბათ, ჩვენც ასე უნდა მივუდგეთ ამ საკითხს". - თქვა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

23 ოქტომბერს, აშშ-მ პირველად განაცხადა, რომ რუსეთში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ყოფნის დამადასტურებელი მტკიცებულებები აქვთ. ამას გარდა, სამხრეთ კორეის პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ დაახლოებით 3 000-მდე ჯარისკაცი გაგზავნა უკრაინასთან ომში რუსეთის მხარდასაჭერად.

აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, "ძალიან სერიოზული" იქნება, თუკი ჩრდილოეთ კორეელები უკრაინაში რუსების გვერდით საბრძოლველად ემზადებიან.  

სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეამ გადაწყვიტა, უკრაინაში, ჯამში, 12,000 ჯარისკაცისგან შემდგარი ოთხი ბრიგადა გაგზავნოს. დაზვერვის მიხედვით, ჯარისკაცების მობილიზაცია უკვე დაწყებულია. 

თავდაპირველად, 14 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში სამხედროებს აგზავნის, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძვიან. 

 

კომენტარები