სამხრეთ კორეის დაზვერვის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ უკრაინაში რუსეთის დასახმარებლად 12 000 ჯარისკაცის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.
ეროვნული დაზვერვის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩრდილოეთ კორეამ გადაწყვიტა, უკრაინაში, ჯამში, 12 000 ჯარისკაცისგან შემდგარი ოთხი ბრიგადა გაგზავნოს. დაზვერვის მიხედვით, ჯარისკაცების მობილიზაცია უკვე დაწყებულია.
14 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში სამხედროებს აგზავნის, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძვიან.
"ჩრდილოეთ კორეა რუსეთს არამარტო იარაღით ეხმარება, ის საკუთარ მოქალაქეებს ფრონტის ხაზზე გზავნის. ვხედავთ, რომ რუსეთსა და ისეთ რეჟიმებს შორის, როგორიც ჩრდილოეთ კორეაა, კავშირი მძლავრდება". – თქვა ზელენსკიმ.
უფრო ადრე, 8 ოქტომბერს ამის შესახებ განაცხადა სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომაც.
"ვინაიდან რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ ერთობლივ შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელიც სამხედრო კავშირს გავს, უკრაინაში ჯარის გაგზავნის ალბათობა მაღალია".
ბოლო პერიოდში რუსეთ და ჩრდილოეთ კორეა ურთიერთობის გამყარებით არის დაკავებული. 2024 წლის ივნისში ქვეყნის ლიდერებმა, ვლადიმირ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა ხელი მოაწერეს ერთობლივ შეთანხმებას, რომელიც სამხედრო სფეროში თანამშრომლობასაც გულისხმობს.
ცოტა ხნის წინ ბრიტანული გამოცემა The Times ასევე წერდა, რომ ჩრდილოეთ კორეამ დაახლოებით 1.5 მილიონი საარტილერიო ჭურვი რუსეთს გადასცა.





