სამხრეთ კორეული გამოცემა The Korea Herald-ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეა, რუსეთში უკრაინასთან საბრძოლველად გაგზავნილი ჯარისკაცების სანაცვლოდ, რუსეთისგან ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცებისთვის გაცემული ფულადი ანაზღაურების გარდა, ყოველწლიურად 600,000-700,000 ტონა ბრინჯსაც მიიღებს.
ამასთან, როგორც გამოცემა წერს, სამხრეთ კორეელი ექსპერტების შეფასებით, ჩრდილოეთ კორეა შესაძლოა, მოელის, რომ კორეის ნახევარკუნძულზე სამხედრო ესკალაციის განვითარების შემთხვევაში, მას რუსეთი სამხედრო დახმარებას გაუწევს.
როგორც ამას The Korea Herald-ს რუსეთში სეულის ყოფილი ელჩი და ამჟამინდელი პარლამენტარი ეუბნება, უკრაინასთან ომში ჩართვა ფხენიანისთვის "სრულებითაც არ არის ცუდი გარიგება".
"ჩრდილოეთ კორეა რუსეთის მხარეს იბრძვის. თუ კორეის ნახევარკუნძულზე ოდესმე ომი დაიწყება, ჩრდილოეთ კორეას უკვე შეუძლია, მოელოდეს, რომ რუსეთი მოვა და მას დაეხმარება". - თქვა სამხრეთ კორეელმა პარლამენტარმა.
პარლამენტარის თქმით, ჩრდილოეთ კორეაში საკვების უკმარისობასთან დაკავშირებული და ფინანსური კრიზისები, სამხედრო დახმარების სანაცვლოდ, მეტწილად სწორედ რუსეთის მიერ არის კომპენსირებული.
გასულ კვირას, სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურში განაცხადეს, რომ მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ყოველი ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი, რომელიც რუსეთში გაიგზავნა, მოსკოვისგან დაახლოებით 2000 დოლარის ოდენობის ფულად ანაზღაურებას მიიღებს, რაც ჯამში რუსეთს წელიწადში დაახლოებით 200 მილიონი დოლარი დაუჯდება იმის გათვალისწინებით, რომ 10,000 ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი უკვე რუსეთში იბრძვის.
ამასთან, ჩრდილოეთ კორეას, მისივე მტკიცებით, წელიწადში დაახლოებით 4 მილიონ ტონა მარცვლეული, მათ შორის, ბრინჯი, ქერი და ხორბალი მოჰყავს. თუმცა სამხრეთ კორეის ინფორმაციით, აღნიშნული "ბრინჯის მოსავლის" უდიდესი წილი სინამდვილეში კარტოფილია.
"ის 4 მილიონი ტონა მარცვლეული, რომელსაც ჩრდილოეთ კორეა ამტკიცებს, რომ ყოველწლიურად მოჰყავს, რეალურად, 1 ტონით ნაკლებია იმ რაოდენობაზე, რაც მოსახლეობის გამოსაკვებადაა საჭირო. თუ რუსეთი მას 600,000-დან 700,000 ტონამდე ბრინჯს სთავაზობს, ეს საკმარისია იმ რაოდენობის ნახევარზე მეტის დასაფარად, რაც ჩრდილოეთ კორეას წლიური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სჭირდება". - თქვა აღნიშნულმა პარლამენტარმა.
მისივე თქმით, საკვების უკმარისობის კრიზისის მოგვარებას ფხენიანის მიერ მოსკოვისთვის იარაღის, მათ შორის, საარტილერიო ჭურვების მიყიდვაც უწყობს ხელს.
გარდა ამისა, სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურის ცნობით, რუსეთი, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეას თანამედროვე კოსმოსური ტექნოლოგიების განვითარებაშიც ეხმარება, ვინაიდან ფხენიანს კოსმოსში კიდევ ერთი სადაზვერვო სატელიტის გაშვება სურს.
"ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის სამხედრო თანამშრომლობა ომის დასასრულის შემდეგაც გასტანს. ისინი შეთანხმდნენ, რომ რომელიმეზე თავდასხმის შემთხვევაში, ერთმანეთს სამხედრო დახმარებას გაუწევენ, რაც მათი ორმხრივი თავდაცვის შეთანხმებაშია გაწერილი". - თქვა სამხრეთ კორეის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ინსტიტუტის ყოფილმა პრეზიდენტმა ნამ სუნგ-ვუკმა.
მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეა "რუსეთისთვის სასარგებლო დარჩება აშშ-ს შემდეგ ადმინისტრაციასთან ვაჭრობის მხრივ".
"მოსკოვი ფხენიანთან მჭიდრო კავშირებს ვაშინგტონთან ბერკეტის მოსაპოვებლად გამოიყენებს, როგორც ამას წარსულში პეკინის გამოყენებით აკეთებდა", - თქვა სუნგ-ვუკმა.
29 ოქტომბერს აშშ-ს პენტაგონმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში უკრაინასთან საბრძოლველად დაახლოებით 10,000 ჯარისკაცი გაგზავნა.