კრემლმა ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში ჯარისკაცების გაგზავნის შესახებ ინფორმაციას "წინააღმდეგობრივი" უწოდა.
21 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში ჯარების გადაყვანასთან დაკავშირებული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.
"ჩვენ ბევრ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ვხედავთ, სამხრეთ კორეელები ერთს ამბობენ, შემდეგ პენტაგონი ამბობს, რომ ამის მტკიცებულებები არ მოეპოვებათ, ამიტომ, ბევრი წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ვრცელდება. ალბათ, ჩვენც ასე უნდა მივუდგეთ ამ საკითხს". - თქვა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვნა.
პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ "სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან" დაკავშირებული კითხვებით თავდაცვის სამინისტროს უნდა მიმართონ.
ასევე პესკოვის თქმით, რუსეთის და ჩრდილოეთ კორეის ახლო ურთიერთობები მათი სუვერენული უფლებაა და სხვა ქვეყნებს ეს არ უნდა აშფოთებდეს:
"ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ჩვენი ახლო მეზობელი და პარტნიორია. ჩვენ ყველა სფეროში ვავითარებთ ურთიერთობებს, რაც ჩვენი სუვერენული უფლებაა. ეს არავისში არ უნდა იწვევდეს რაიმე შეშფოთებას, რადგან ეს ურთიერთობა მესამე ქვეყნებს არ ეხება. ჩვენ მომავალშიც განვაგრძობთ ამ თანამშრომლობის განვითარებას".- თქვა პესკოვმა.
21 ოქტომბერს სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩრდილოეთ კორეის ელჩი, უკრაინაში ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების გაგზავნის გამო დაიბარეს.
სამხრეთ კორეი საგარეო საქმეთა ვიცემინისტრმა, კიმ ჰონგ კიუნმა რუსეთის წარმომადგენელს მოუწოდა, რუსეთმა დაუყონებლივ გაიყვანოს ჩრდილოეთ კორეიდან ჩაყვანილი ჯარისკაცები.
კიმის თქმით, ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცების უკრაინის ომში მონაწილეობა არღვევს გაეროს ჩარტიასა და რეზოლუციებს.
14 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში სამხედროებს აგზავნის, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძვიან.
"ჩრდილოეთ კორეა რუსეთს არამარტო იარაღით ეხმარება, ის საკუთარ მოქალაქეებს ფრონტის ხაზზე გზავნის. ვხედავთ, რომ რუსეთსა და ისეთ რეჟიმებს შორის, როგორიც ჩრდილოეთ კორეაა, კავშირი მძლავრდება". – თქვა ზელენსკიმ.
მოგვაინებით, რუსულ Telegram-არხებზე გავრცელდა ვიდეოები, რომლებიც, ცნობების თანახმად, ჩრდილოეთკორეელი სამხედროების წვრთნებს ასახავს რუსეთის პრიმორსკის მხარეში.
ჯამში, სამხრეთ კორეის დაზვერვის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში 12,000 ჯარისკაცისგან შემდგარ ოთხ ბრიგადას გაგზავნის.
- სეული: ჩრდილოეთ კორეამ უკრაინაში, რუსეთის დასახმარებლად 12 000 ჯარისკაცის გაგზავნა გადაწყვიტა
-
ზელენსკი: ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში სამხედროების გაგზავნას გეგმავს
აქამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა საოკუპაციო არმიის მე-11 საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ბრიგადის ბაზაზე "ბურიატის განსაკუთრებული ბატალიონი" შექმნა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებისგანაა დაკომპლექტებული. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Liga.net უკრაინის სამხედრო დაზვერვის ანონიმურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა Ukrainska Pravda-ს ცნობით კი, კურსკისა და ბრიანსკის ოლქებში, უკრაინის საზღვართან ახლოს განლაგებული ბატალიონიდან 18 ჩრდილოეთკორეელი უკვე გაიქცა.
დღეს, 21 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაქცეული 18 ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი რუსულმა ძალებმა ბრიანსკის ოლქის კომარიჩსკის რაიონში დააკავეს და აქამდე ხომუტოვსკის რაიონში განლაგებული 40-ვე ჩრდილოეთკორეელი სამხედრო ახლა კურსკის ოლქის ლგოვკსის რაიონში, სამომავლო თავდასხმით ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად არის გადაყვანილი.