ენმ

"მოამზადებს თავმჯდომარის არჩევის წესს" – ენმ-ში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

კადრი ვიდეოდა/ფორმულა

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა - ამის შესახებ ბრიფინგზე პარტიის წევრმა, გიორგი ბარამიძემ ისაუბრა.

"გუშინ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უნდა მოამზადოს ის წესი, რა წესითაც უნდა იქნეს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე არჩეული. შესაბამისად, ბუნებრივია, ამ ჯგუფს ექნება საკმაოდ რთული და არამარტივი, არაუბრალო სამუშაო იმისთვის, რომ შეიქმნას ისეთი წესი, რომელიც მრავალ საკითხს და მრავალ კრიტერიუმს დააკმაყოფილებს, მათ შორის ის კრიტერიუმი არის, რომ არჩევნები იყო სამართლიანი, ხმის მიცემის პროცედურა იყოს სამართლიანი, გამჭვირვალე და ყველასთვის გასაგები, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს არა ვიღაც სხვამ, მით უმეტეს, ამ ქოცური რეჟიმის წარმომადგენლებმა, ან ვიღაც სხვა, დაინტერესებული პარტიების წარმომადგენლებმა, არამედ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და მხარდამჭერებმა".  -ამბობს ბარამიძე. 

მისივე სიტყვებით, აქვთ სურვილი, რომ თავმჯდომარის არჩევნების პროცესში მონაწილეობა მიიღონ ემიგრანტებმა - ქვეყნის საზღვრებს გარეთ მყოფმა ენმ-ს მხარდამჭერებმა და წევრებმა.  

მისივე თქმით, პროცესის სამართლიანობაშ ეჭვი არავის არ უნდა ეპარებოდეს - პროცესი უნდა იყოს გასაგები, გამჭვირვალე, შედეგი კი ობიექტური.  

"ჯგუფი ჩამოყალიბდა იმ ადამიანებისგან, ვინც ნეიტრალურ პოზიციას იჭერს და ვისაც აქვს გარკვეული პოზიცია, ამ ჯგუფის ერთად მუშაობის შედეგად 22-მდე, ასეთი არის ჩვენი ამოცანა, რომ, იმედია, შევძლებთ ამ წესის შემუშავებას. შემდეგ, დიდი ალბათობით ამაზე იმსჯელებს პოლიტიკური საბჭო და ამის შემდეგ დაიწყება კამპანია იმ კანდიდატურებისა, რომლებიც დაასახელებენ თავს ენმ-ს თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად". - ამბობს ბარამიძე.  

12 ნოემბრის მონაცემებით, ენმ-ს თავმჯდომარეობაზე საკუთარი კანდიდატურა დააყენეს ნიკა მელიამ, გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრთა ნაწილი შიდაპარტიულ არჩევნებს და თავჯდომარის ხელახლა არჩევას ითხოვს. ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, ირაკლი ნადირაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე 9 ნოემბერს ისაუბრა. ენმ-ს წევრთა ნაწილი თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების იდეას დაეთანხმა და თქვა, რომ პარტიას "დამატებითი ლეგიტიმაცია სჭირდება", ნაწილის აზრით, შიდაპარტიულ თემაზე ბრიფინგის ჩატარება და მოთხოვნის ეს ფორმა "უცნაური და დასანანია", ენმ-ში კი ახლა "რაღაც თანამდებობაზე" ლაპარაკის დრო არ არის. წევრები ამბობენ, რომ პარტიაში რამდენიმე კვირის განმავლობაში ინტენსიურად მიდის საორგანიზაციო და გეგმებთან დაკავშირებით შეხვედრები, თუ როგორ უნდა გააგრძელონ საქმიანობა.  

მოგვიანებით, ბრიფინგი განართა ნიკა მელიამ და თქვა, რომ მისი კოლეგების ბრიფინგში არაფერი ახალი არ ყოფილა, გარდა ბრიფინგის ფორმისა - მისივე სიტყვებით, არჩევნებში მონაწილეობისთვის მზად არის.  

ბოლო პერიოდში ნაციონალური მოძრაობა რამდენიმე წევრმა დატოვა - მათ შორის იყვნენ ნონა მამულაშვილი და ნიკა ობოლაძე. მამულაშვილის შეფასებით, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი, საქართველოს ისტორიაში "ყველაზე სამარცხვინოა", ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კი "პოლიტიკისგან დიდი ხანია დაცლილია". ობოლაძის თქმით კი ამ  ფორმაციის ნაციონალურ მოძრაობაში ვერ ხედავს იმ ძალას და ენერგიას, რომელიც შეძლებს ახლა, ამ ხელისუფლების პირობებში გამოიყვანოს კრიზისიდან. 

მანამდე, 25 სექტემბერს, მოძრაობა საქართველოსთვის წევრმა და ენმ-ს მხარდამჭერმა გიორგი მუმლაძემ FB-Live ჩაწერა, სადაც ნიკა მელიასთან დაპირისპირებაზე საუბრობს. მისი მტკიცებით, მელიამ პასუხი Facebook-ზე "აქტიურობის გამო" მოსთხოვა. გიორგი მუმლაძის თქმით, მისი ამოცანაა, რომ "ნიკა მელია პანღურით იქნეს გაგდებული პარტიიდან". მანვე აღნიშნა, რომ პარტიის მხარდამჭერისთვის მნიშვნელოვანია, თავმჯდომარე ასეთი "მოძალადე" არ იყოს.

მეორე დღეს, "გარკვეული ადამიანების მცირე ჯგუფის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციისა და დესტრუქციული ნაბიჯების გამო" განცხადება ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა. ენმ-ს განმარტებით, TV პირველის გადაცემის ანონსში, რომელიც ეხებოდა ოპოზიციურ პარტიებში ჩანერგილ სუსის ჯაშუშებს, ერთ-ერთი პირის ხმა მიმსგავსებული იყო საპროტესტო აქტივობებში ჩართულ აქტიურ ადამიანის ხმასთან. პარტიის ცნობით, საკითხის გარკვევის მიზნით აქტივისტთან და მისი გუნდის წევრებთან ჰქონდათ კომუნიკაცია.

"შედგა საუბარი პარტიის გენერალურ მდივანსა და იმ ადამიანს შორის, ვისთან მიმართებაშიც კითხვები არსებობდა. საუბრის შემდეგ საკითხი ამოიწურა და კითხვის ნიშნები მოიხსნა. მოგვიანებით ამ პირების ნაწილის სურვილით პარტიის თავმჯდომარე საკუთარ სამუშაო ოთახში მშვიდ ვითარებაში ხვდებოდა ჯგუფის რამდენიმე წარმომადგენელს, რა დროსაც იქ შეიჭრა გიორგი მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად. მან შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა. ბუნებრივია, პარტიაში მყოფმა პარტიის წევრებმა აღკვეთეს მათი მცდელობა და ეს ადამიანები ოფისიდან გაიყვანეს" - აცხადებდა ენმ.

იმავე დღეს, პარტიის პოლიტსაბჭო დატოვა ენმ-ს ყოფილმა დეპუტატმა ბადრი ბასიშვილმა. ღამით კი, მუქარაზე მუმლაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ პარტიის წევრი, თენგო სანაია დააკავეს.

კომენტარები