ნიკა ობოლაძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დატოვა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ისაუბრა.
" რამდენიმე კვირის წინ მქონდა ინიციატივა მათ შორის ნაციონალურ მოძრაობაში რაღაც ახლის დაწყების, პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინიციატივამ კულისებს მიღმა დიდი მხარდაჭერა მოიპოვა, საჯაროდ ამან ვერ მოიპოვა მხარდაჭერა, ამიტომ ახლა თამამად შემიძლია გითხრათ, რომ დღეიდან მე არ გესაუბრებით ნაციონალური მოძრაობის სახელით. ამ ფორმაციის ნაციონალურ მოძრაობაში ვერ ვხედავ იმ ძალას და ენერგიას, რომელიც შეძლებს ახლა, ამ ხელისუფლების პირობებში გამოიყვანოს კრიზისიდან... მე მაინტერესებს პოლიტიკაც და ეს ქვეყანაც და შესაბამისად თუ მექნება რამის შეცვლის შესაძლებლობა, შევცვლი, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობაც იყო ჩემთვის ხერხი, რაღაც შემეცვალა უკეთესობისკენ. მე ამ ხერხს ვეღარ ვხედავ ნაციონალურ მოძრაობაში".- თქვა ნიკა ობოლაძემ.
28 სექტემბერს, ნიკა ობოლაძემ FACEBOOK-ზე დაწერა, რომ ოპოზიციურ ველზე კრიზისია და ოპოზიციის ლიდერის და მთავარი ოპოზიციური გუნდის, ოპოზიციური სამოქმედო გეგმის გამოსავლენად პრაიმერისების ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.
ობოლაძე ასევე წერდა, რომ ბოლო პერიოდში ოპოზიციაში განვითარებულმა მოვლენებმა და პირადმა დაპირისპირებებმა აჩვენა რაც რეალურად ხდება.
"მე ვტოვებ ნაციონალური მოძრაობის არსებულ ე.წ. ჩათებს, რადგან იქ არ დევს პოლიტიკის კეთების ლეგიტიმაცია, ლეგიტიამცია ხალხშია და პოლიტიკოსებმა ის არჩევნებით უნდა მოვიპოვოთ"- დაწერა ობოლაძემ.
25 სექტემბერს მოძრაობა საქართველოსთვის წევრმა და ენმ-ს მხარდამჭერმა გიორგი მუმლაძემ FB-Live ჩაწერა, სადაც ნიკა მელიასთან დაპირისპირებაზე საუბრობს. მისი მტკიცებით, მელიამ პასუხი Facebook-ზე "აქტიურობის გამო" მოსთხოვა. გიორგი მუმლაძის თქმით, მისი ამოცანაა, რომ "ნიკა მელია პანღურით იქნეს გაგდებული პარტიიდან". მანვე აღნიშნა, რომ პარტიის მხარდამჭერისთვის მნიშვნელოვანია, თავმჯდომარე ასეთი "მოძალადე" არ იყოს.
მეორე დღეს, "გარკვეული ადამიანების მცირე ჯგუფის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციისა და დესტრუქციული ნაბიჯების გამო" განცხადება ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა. ენმ-ს განმარტებით, TV პირველის გადაცემის ანონსში, რომელიც ეხებოდა ოპოზიციურ პარტიებში ჩანერგილ სუსის ჯაშუშებს, ერთ-ერთი პირის ხმა მიმსგავსებული იყო საპროტესტო აქტივობებში ჩართულ აქტიურ ადამიანის ხმასთან. პარტიის ცნობით, საკითხის გარკვევის მიზნით აქტივისტთან და მისი გუნდის წევრებთან ჰქონდათ კომუნიკაცია.
"შედგა საუბარი პარტიის გენერალურ მდივანსა და იმ ადამიანს შორის, ვისთან მიმართებაშიც კითხვები არსებობდა. საუბრის შემდეგ საკითხი ამოიწურა და კითხვის ნიშნები მოიხსნა. მოგვიანებით ამ პირების ნაწილის სურვილით პარტიის თავმჯდომარე საკუთარ სამუშაო ოთახში მშვიდ ვითარებაში ხვდებოდა ჯგუფის რამდენიმე წარმომადგენელს, რა დროსაც იქ შეიჭრა გიორგი მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად. მან შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა. ბუნებრივია, პარტიაში მყოფმა პარტიის წევრებმა აღკვეთეს მათი მცდელობა და ეს ადამიანები ოფისიდან გაიყვანეს" - აცხადებს ენმ.
იმავე დღეს, პარტიის პოლიტსაბჭო დატოვა ენმ-ს ყოფილმა დეპუტატმა ბადრი ბასიშვილმა. ღამით კი, მუქარაზე მუმლაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ პარტიის წევრი, თენგო სანაია დააკავეს.