დაპირისპირება ენმ-ში

ენმ: გიორგი მუმლაძე მელიას სამუშაო ოთახში შეიჭრა და პროვოკაციის მოწყობა სცადა

"გარკვეული ადამიანების მცირე ჯგუფის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციისა და დესტრუქციული ნაბიჯების გამო" ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს. პარტიის შეფასებით, "რუსული ოცნების სტრატეგიაა საზოგადეობაში გააჩინოს უიმედობა და ნიჰილიზმი. ამ მიზნით მათ არაერთხელ უცდიათ პროვოკაციების მოწყობა და ოპოზიციურ პარტიებში დაპირისპირების სურათის შექმნა". ენმ-ს განცხადებით, "გარკვეული ადამიანების მცირე ჯგუფის" ნაბიჯები და განცხადებები "ნებსით თუ უნებლიედ ოცნების წისქვილზე ასხამს წყალს". ასევე, პარტიის შეფასებით, ეს ქმნის ხელსაყრელ გარემოს, "რათა ოლიგარქის მიერ მიტაცებულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა პარტიის აქტიურ წევრებზე ყალბი სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და პოლიტიკური დევნის ახალი ტალღა წამოიწყონ".

ენმ-ს განმარტებით, TV პირველის გადაცემის ანონსში, რომელიც ეხებოდა ოპოზიციურ პარტიებში ჩანერგილ სუსის ჯაშუშებს, ერთ-ერთი პირის ხმა მიმსგავსებული იყო საპროტესტო აქტივობებში ჩართულ აქტიურ ადამიანის ხმასთან. 

"საკითხის გარკვევის მიზნით მასთან და მისი გუნდის წევრებთან მოხდა კომუნიკაცია. ერთი კვირის წინ ეს ადამიანები მოვიდნენ პარტიის ცენტრალურ ოფისში პარტიის გენერალურ მდივანთან შესახვედრად. მათგან რამდენიმე პირი იყო უკიდურესად აგრესიულად განწყობილი, რაც ასევე გამოიხატებოდა მათ მიერ სოციალურ ქსელებში მანამდე გავრცელებულ პოსტებში.

შედგა საუბარი პარტიის გენერალურ მდივანსა და იმ ადამიანს შორის, ვისთან მიმართებაშიც კითხვები არსებობდა. საუბრის შემდეგ საკითხი ამოიწურა და კითხვის ნიშნები მოიხსნა. მოგვიანებით ამ პირების ნაწილის სურვილით პარტიის თავმჯდომარე საკუთარ სამუშაო ოთახში მშვიდ ვითარებაში ხვდებოდა ჯგუფის რამდენიმე წარმომადგენელს, რა დროსაც იქ შეიჭრა გიორგი მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად. მან შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა. ბუნებრივია, პარტიაში მყოფმა პარტიის წევრებმა აღკვეთეს მათი მცდელობა და ეს ადამიანები ოფისიდან გაიყვანეს.

უფრო მეტიც, რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ნიკა მელია საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკურ გადაცემაში პირდაპირ ეთერში პასუხობდა ჟურნალისტის კითხვებს, გიორგი მუმლაძე ჯგუფთან ერთად, პროვოკაციის მოწყობის მიზნით განზრახ მივიდა ტელევიზიასთან და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნიკა მელიას მძღოლს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცენტრალურ შესასვლელში მყოფი მაუწყებლის და დაცვის პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებით.

ჩვენ არ ვაპირებდით ამ თემებზე საჯაროდ საუბარს, რადგანაც ეს არ არის ის საკითხები, რომელიც საზოგადოებას აწუხებს და არ ეხება ქვეყანაში არსებულ მძიმე გამოწვევებს, თუმცა რადგან რამდენიმე ადამიანმა საკუთარი პირადი მიზნების მისაღწევად გადაწყვიტა მცდარი ინფორმაციის გავრცელება, შევთანხმდით, რომ აუცილებელი იყო მთავარი ოპოზიციური პარტიის პოზიციის დაფიქსირება" - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, მთავარი აქცენტი ივანიშვილის რეჟიმის საბოლოო დამარცხებაზე უნდა გაკეთდეს.

"ჩვენ არ უნდა შევუწყოთ ხელი “რუსული ოცნების” სტრატეგიას, რომელიც ითვალისწინებს მთავარ ოპოზიციურ პარტიაში დაპირისპირებისა და შიდა განხეთქილების განცდის შექმნას.

რიგ საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება არსებობდეს განსხვავებული პოზიციები, რაზეც დემოკრატიულობისა და გამჭვირვალობის პრინციპიდან გამომდინარე პარტიაში დისკუსია საჯაროდ მიმდინარეობს. ეს ჩვენი არჩევანია, რადგან ანგარიშვალდებულად ვგრძნობთ თავს ჩვენს ამომრჩეველთან.

ამავე დროს, ნაციონალური მოძრაობა ერთიანია სტრატეგიაში - მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიასა და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ხელისუფლების ცვლილება ვადამდელი არჩევნების გზით, დაჩქარებული ტემპით აუცილებელი რეფორმების გატარება და ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მიღება. ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა არის ჩვენი სახელმწიფოს თავისუფლების, უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის წინაპირობა.

ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის, როგორ დავაჩქაროთ ოლიგარქის მმართველობის დასასრული საქართველოში. ჩვენთვის პარტიის არჩეული თავმჯდომარის და პარტიის მმართველობის მიმართ კრიტიკული და საქმიანი შენიშვნები მისასალმებელია. ამავე დროს, შეურაცხყოფა და ურთიერთობის ქუჩური წესი მიუღებელი და დაუშვებელია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არ გადაუხვევს ხელისუფლების ვადამდელი არჩევნების გზით ცვლილების არჩეულ სტრატეგიას და ამ გზაზე აქტიურად ითანამშრომლებს ყველასთან, ვისთვისაც ეს იდეა არის მნიშვნელოვანი" - წერს პარტია.

25 სექტემბერს მოძრაობა საქართველოსთვის წევრმა და ენმ-ს მხარდამჭერმა გიორგი მუმლაძემ FB-Live ჩაწერა, სადაც ნიკა მელიასთან დაპირისპირებაზე საუბრობს. მისი მტკიცებით, მელიამ პასუხი Facebook-ზე "აქტიურობის გამო" მოსთხოვა. გიორგი მუმლაძის თქმით, მისი ამოცანაა, რომ "ნიკა მელია პანღურით იქნეს გაგდებული პარტიიდან". მანვე აღნიშნა, რომ პარტიის მხარდამჭერისთვის მნიშვნელოვანია, თავმჯდომარე ასეთი "მოძალადე" არ იყოს.

კომენტარები