ენმ

მუქარაზე მუმლაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ენმ-ს წევრი, თენგო სანაია დააკავეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, თენგო სანაია დააკავეს. ინფორმაცია ტაბულას პარტიაში დაუდასტურეს.  

სანაიას დაკავებას წინ უძღოდა პარტიის აქტივისტის - გიორგი მუმლაძის მიერ გავრცელებული ე.წ. სქრინები. მუმლაძემ გუშინ, 25 სექტემბერს დაწერა, რომ სანაია მას ემუქრებოდა. 

თენგო სანაიას დაკავებასთან დაკავშირებით ტაბულა ენმ-ს აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ბესო შენგელიას ესაუბრა. შენგელია ამბობს, რომ ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია, სად წაიყვანეს სანაია. მისივე სიტყვებით, დაკავებულს კანონთან დაკავშირებით პრობლემა არასდროს არ ჰქონია. შენგელია ვარაუდობს, რომ დაკავება მუმლაძის მიერ გასაჯაროვებულ მიმოწერას უკავშირდება. 

"ამ საღამოს მცირეწლოვანი ბავშვისა და მეუღლის თანდასწრებით მის სახლში შეიჭრნენ ზონდერ-პოლიციელები, ჩაატარეს ჩხრეკა, აყვანილი არის თენგო, გადაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. ჯერ რაც გვითხრეს, სადაც უნდა გადაეყვანათ, იმ ადგილზე არ დაგვხვდა და ძებნა გავაგრძელეთ. ჯერ ადვოკატი მასთან მისული არ არის, იმიტომ, რომ ფიზიკურად ვერ მოვახერხეთ დადგენა მისი ადგილსამყოფელის. ახლა როგორც გვეუბნებიან, ქალაქის სამმართველოში არის გადაყვანილი. 

თენგო სანაიას კანონთან დაკავშირებით არასდროს საერთოდ არანაირი პრობლემა არ ჰქონია და, სავარაუდოდ, ეს ბატონი მუმლაძის ქმედებებს უკავშირდება, რა თქმა უნდა". - ამბობს ის. 

ბესო შენგელია ამბობს, რომ გიორგი მუმლაძესა და თენგო სანაიას ამ დრომდე დაპირისპირება არ ჰქონიათ და მეგობრობდნენ. მისივე სიტყვებით, "უბრალოდ, ამ დღეებში გამოწვეულმა აჟიოტაჟებმა ამ შედეგამდე მიგვიყვანა".  

გიორგი მუმლაძის მიერ გავრცელებულ მიმოწერაში ვკითხულობთ: 

"აი, შენ განახებ შენსას, გინება ფეისბუკზე როგორ უნდა. შენ უნდა გესროლო, შენ დაისჯები სათანადოდ სულ რომ პარტიიდან წასვლა მომიწიოს. [...] გიორგი მუმლაძე, ჩემ დედის საფლავს გეფიცები, შენ თუ არ დაგამახინჯო". 

მუმლაძის მიერ გავრცელებულ ე.წ. სქრინში ჩანს, რომ სანაიამ მას იარაღის ფოტო გაუგზავნა და მისწერა - "ამის გემოს გაგასინჯებ". 

კომენტარები