ენმ

მელია: ვისაც გნებავთ, სადაც გნებავთ, როცა გნებავთ – მზად ვარ არჩევნებში მონაწილეობისთვის

ნიკა მელია
REUTERS/Zurab Tsertsvadze

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა თანაპარტიელების ბრიფინგს, რომლებმაც პარტიის სამდივნოს, პოლიტსაბჭოსა და თავმჯდომარის არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. მელიას თქმით, ის მზად არის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. მისივე შეფასებით, თანაპარტიელებმა ძალიან ნაჩქარევი განცხადება გააკეთეს, "რომელსაც, როგორც ჩანს, შორსმიმავალი მიზნები აქვს, რასაც ჩვენ უახლოეს მომავალში აუცილებლად ვიხილავთ".

განცხადებას სრულად გთავაზობთ:

"ჩემი კოლეგების გამართულ ბრიფინგზე არაფერი ახალი არ თქმულა, არაფერი ახალი არ მომისმენია. დღეს გამართულ ბრიფინგზე არაფერი ახალი არ ყოფილა, გარდა თავად განცხადების ფორმისა, რა ფორმითაც განცხადება გაკეთდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა პარტიაში ყოველდღიური, ინტენსიური შიდაპარტიული მსჯელობა მიმდინარეობდა და მიმდინარეობს მთელ რიგზე საკითხებზე ერთიანი, კონსოლიდირებული პარტიული პოზიციების ჩამოსაყალიბებლად და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მომხდარიყო საზოგადოების და განსაკუთრებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლების ინფორმირება. თუ რა გახდა რეალური მიზეზები და მიზანი ამ საკითხის ასე ნაჩქარევად, ამ ფორმით, ასე მოუმზადებლად გამოტანისა, ამას უახლოესი პერიოდი აუცილებლად მოჰფენს ნათელს. განსაკუთრებით დღეს, როცა ჩვენ ძალიან ბევრი უნდა გვესაუბრა ევროპარლამენტის მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, ვგულისხმობ მიხეილ სააკაშვილს და ნიკა გვარამიას. 
 
სწორედ ამ კონსულტაციების ფარგლებში, თვენახევრის წინ, მე პირადად გამოვედი ინიციატივით პარტიაში ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე, მათ შორის, რა თქმა უნდა, იმ ადამიანების თანდასწრებით, ვინც დღეს დილიდან ითხოვს არჩევნებს იმ ფორმით, რა ფორმითაც ისინი საუბრობენ.

არჩევნების საკითხზე თანხმობა იყო ყველა ჯგუფის მხრიდან, ერთადერთი მსჯელობის საგანი რჩებოდა პირველ რიგში როდის და როგორ ანუ რა ფორმით ჩატარდებოდა არჩევნები.

თუ რაიმე არის ჩემთვის კომფორტული - ეს არის არჩევნები და არჩევნებში მონაწილეობა, იქნება ეს გარე თუ შიდა ტიპის არჩევნები, განსაკუთრებით, როცა იგი არის უზრუნველყოფილი ათი ათასობით ამომრჩევლის თანამონაწილეობით. არჩევნები, სადაც შენ შესაძლებლობა გეძლევა, ესაუბრო საკუთარ ამომრჩეველს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძალიან ბევრი საკითხი დაგროვდა, რასთან დაკავშირებითაც მე მათთან მსურს საუბარი.

პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის იყო საჯარო და ღია არჩევნების ჩატარების მომხრე და უკანასკნელი წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ასეთი არჩევნები ჩატარებულა, მაგრამ ყველამ მსურს იცოდეს - ვიყავი მზად არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ვარ და ვიქნები, მით უფრო, როცა ძალიან ბევრი სიმართლის თაობაზე სასაუბრო მაქვს საკუთარი პარტიის ამომრჩეველთან.

მხოლოდ ეს უნდა მოხდეს არჩევნების ფორმატში. პატივისცემით, ვისაც გნებავთ, სადაც გნებავთ, როცა გნებავთ - მზად ვარ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და განსაკუთრებით, ეს იციან იმ ჩემმა კოლეგებმა, რომლებიც ამ პროცესში ბოლო თვენახევრის განმავლობაში პირადად მონაწილეობდნენ და მათ გარდა, მინიმუმ 500-600 ადამიანთან მაქვს ამ ყველაფრის თაობაზე ნასაუბრევი. 

დეტალების თაობაზე, თუ როგორ, რა ფორმით უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები, პარტია იმსჯელებს, მათ შორის იმ ადამიანების ჩართულობით, ვინც დღეს ჩემი ღრმა რწმენით, გააკეთა ძალიან ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც, როგორც ჩანს შორსმიმავალი მიზნები აქვს, რასაც ჩვენ უახლოეს მომავალში აუცილებლად ვიხილავთ.

მაგრამ პირველ რიგში, მე მსურს, რაც შეიძლება სწრაფად, ეს უნდა იყოს ორგანიზებული, ნაციონალური მოძრაობის მრავალი ათასი და ათი ათასობით ამომრჩევლით უზრუნველყოფილი პროცესი, სადაც გვეყოლება კონკურენტი და იმედია, უახლოეს პერიოდში გამოჩნდება ადამიანი, ვინც ამის მოსურნეა, მხოლოდ მივესალმები. ჩვენ ვისაუბრებთ სიმართლეზე და მხოლოდ სიმართლეზე პირველ რიგში ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლის პირისპირ და მათ მიეცემათ გააზრებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რომელიც ხელს შეუწყობს პარტიის განვითარებას და ქვეყნის განვითარებას" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები