ნანუკა ჟორჟოლიანმა პალიტრა ნიუსის ეთერში თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ "ჯერ პარტიაში არ შევა", "ფორმატი იქნება მოფიქრებული" და სხვა ადამიანებთან ერთად ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეუწყობს ხელს რეფორმების განხორციელებაში.
"თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. მე მგონი, ცოტა სხვა გზით მივდივართ. არ მინდა, მიშას დავასწრო ეს ამბები. ძალაში რაც რჩება, ეს არის რეფორმები. მე შიგნით შესვლამ, შეხვედრებმა რაღაცები უფრო ახლოდან დამანახა და დამარწმუნა იმაში, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც რეფორმების ჩატარება შეუძლია, ეს არის თვითონ მიშა. პატიმრობის მიუხედავად, ნებისმიერ შემთხვევაში, მისი გადაწყვეტილების აღსრულება შეიძლება.
მე ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი იდეა გაუჩნდა, უბრალოდ, მე არ ვიქნები სწორი, რომ მის იდეებზე ვისაუბრო, თავად უნდა ალბათ ამის წარდგენა და უახლოეს დღეებში იქნება, მაგრამ მინიშნებას გავაკეთებ - ეს იქნება დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება რეფორმებზე პარტიის შიგნით. ამის ხელმძღვანელი იქნება მიშა." - თქვა ჟორჟოლიანმა.
ჟურნალისტმა ნანუკას უთხრა, რომ სააკაშვილი სთავაზობს [თავმჯდომარეობას] და ის ყოყმანობს, რაზეც ჟორჟოლიანმა უპასუხა:
"არ ვყოყმანობ, მე მინდა, რომ სწორი კომპეტენციით დალაგდეს სქემა. მე ვიცი, რა შემიძლია და რაც არ შემიძლია, არ შევალ იქ, მე არ ვარ ყაველაშვილი. თავმჯდომარეობას აქვს სხვა ბევრი ისეთი ტვირთი, რომელიც მე არ შემიძლია, არ მაქვს ამის კომპეტენცია, ამიტომ ის ტვირთი მინდა გაინაწილოს კომპეტენტურმა, მცოდნე ადამიანმა და მე რაც შემიძლია, იმას ავიღებ და იდეალურად გავაკეთებ."
წამყვანმა თავმჯდომარეობის ჩატარების ელექტრონულ ფორმატთან დაკავშირებით საუბრისას, ჟორჟოლიანს კითხვა დაუსვა, "იქნებ უბრალოდ შეგეშინდა რომ მხარდაჭერა არ გექნება?", რაზეც მან უპასუხა, რომ "არა, მანამდე საუბარი არც მისულა."
"ეს ჯერ არცაა მწყობრში, ახლა თუ ჩატარდება არჩევნები ძველი წესით ჩატარდება იმიტომ, რომ ჯერ მზადყოფნაში არ არის ის იდეები, თორემ ეს არის იდეალური.
ყველაზე იდეალურია, რომ ამომრჩეველმა მოგცეს ხმა, ვინც ხუთს ხაზავს, იმან უნდა მოგცეს ხმა, ამიტომ მე ვფიქრობ რომ იდეალური იქნება, რომ ეს რეფორმები ჩატარდეს, სხვა ფორმატით, ასევე ეს სიახლეც ძალაში შევიდეს და მაგ ფორმატში შეიძლება კიდევ საინტერესო იყოს იმიტომ, რომ ამომრჩეველი თუ ხმას გაძლევს, მერე უკვე არ უნდა გაინტერესებდეს შენს კომპეტენციაზე სხვა პარტიის ლიდერი იმიტომ, რომ შენი ამომრჩეველი გეუბნება რომ შენ უნდიხარ და შენ თუ უნდიხარ მთელი ამ შენი ცოდნებით, შლეიფებით და ყველაფრით, მაშინ უკვე შეგიძლია რომ მანდ შეხვიდე კიდეც. და პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, წარდგენა, მერე ვიღაცამ იქ ილაპარაკოს.
[...] თუ ეს არჩევნები ჩატარდება ივლისში, 9 ივლისს ვერ მოესწრება, თუ რამდენიმე თვეში რეფორმების ფარგლებში, ესეც ხელმისაწვდომი იქნება, ეს არის იდეალური.
თუ ამომრჩეველმა უნდა მომცეს ხმა და არა პოლიტსაბჭოს რამდენიმე წევრმა და არა ლიდერმა, იქ არ უნდა მაძახონ შენ მიშას კანდიდატი იყავი და რა თქმა უნდა, გაიმარჯვებდი, არ მინდა არ შევალ მანდ, არავის არ წამოვაძახებინებ, ცხოვრებაში არსად არ ვყოფილვარ მაგ ფორმატით.
[...] ერთია ხალხის სიყვარული, მაგრამ ის არ კონვერტირდება პოლიტიკაში. მაგრამ აქ საუბარი არ არის, რომ პოლიტიკური ლიდერი უნდა ვიყო. პოლიტიკური ლიდერი არის მიშა, მე უნდა ვიყო სწორი შუამავალი ხალხსა და მიშას შორის. მე მგონია, რომ ამ ხალხის პოლიტიკური ლიდერი უნდა იყოს მიშა, პრემიერობის კანდიდატი უნდა იყოს მიშა, ამ რეფორმების ხელმძღვანელი უნდა იყოს მიშა. უნდა დავანებოთ თავი ამ მლიქვნელობასა და აფერისტობას, რომ მოვიგონოთ ვიღაც, მერე ის ვაქციოთ პოლიტიკურ ლიდერად." - თქვა ჟორჟოლიანმა.
შეგახსენებთ, რომ პარტიაში ცვლილებების შესახებ პოსტი მიხეილ სააკაშვილმა 10 ივნისს გამოაქვეყნა.
"ჩემი, ლევანის, სხვა ლიდერების ციხეში ყოფნის პირობებში, პარტიას სჭირდება გაცოცხლება, ფუნდამენტური განახლება და გააქტიურება და ამ მიზნით ჩვენ ერთობლივად შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი შესანიშნავი გუნდი."
იმავე დღეს ჟორჟოლიანმა დაწერა, რომ ენმ-სთან მოლაპარაკებების ეტაპზე არიან.
11 ივნისს, ჟორჟოლიანმა ფორმულასთან განაცხადა, რომ სააკაშვილმა მას პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზა, რაზეც მან უარი განაცხადა.
16 ივნისს, TV პირველის ეთერში ენმ-ს თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ პარტიასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ის რომ სააკაშვილმა "ჟორჟოლიანს შესთავაზა თავმჯდომარეობა", ეს ექსპრეზიდენტს "თავად არსად არ დაუწერია."
ხოლო 17 ივნისს, სააკაშილმა სოციალურ ქსელში პოსტის სახით დაწერა, რომ პარტიის თავმჯდომარედ მისი კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანია. რასაც მალევე უპასუხა ბოკუჩავამ და გადაწყვეტილებას "იმპულსური" უწოდა.
იმავე დღეს, ჟორჟოლიანმა TV პირველის ეთერში თქვა, რომ ეფექტური იქნებოდა, თუკი ის "ქვეყნის შიგნით", ხოლო ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა "ქვეყნის გარეთ" იმუშავებდნენ, თუმცა, "ახლა უნდა იარსებოს ისეთმა ადამიანმა, რომელიც საგარეო მდივნის სტატუსით ამ ყველაფერს უზრუნველყოფს".
20 ივნისს, პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნულ თემაზე კვლავ ისაუბრა, ბოკუჩავას განცხადებით, "გულდასაწყვეტია, როდესაც ერთ დღეს განახლებული ნდობის მანდატს გაძლევს პრეზიდენტი და სულ რამდენიმე დღის შემდეგ უკვე საპირისპირო შინაარსის პოსტებს კითხულობ, ერთგვარი კრიტიკანარევი შინაარსის და ის ასახელებს უკვე სხვა კანდიდატს."
24 ივნისს, ჟორჟოლიანმა პალიტრა ნიუსის ეთერში თქვა, რომ თუ ენმ-ს თავმჯდომარე გახდება, ალიანსიდან გამოსვლის საკითხს დააყენებს.




