ვაკის პარკი

მდგომარეობა სტაბილურია, ვფიქრობ, მალე გაეწერება – ექიმი შადრევანში დაშავებულ 13 წლის ბიჭზე

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

ექიმის ინფორმაციით, ვაკის პარკის შადრევანში დაშავებული 13 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისივე პროგნოზით, მოზარდი მალე გაეწერება.

"ამჟამად, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. სპონტანურ სუნთქვაზეა, ანუ, სუნთქავს თავისით, დახმარების გარეშე. ჰემოდინამიკურადაც სტაბილურია, მაგრამ მონიტონგს ჯერ კვლავ საჭიროებს. აქტიურია, კონტაქტში შემოდის, შეკითხვებს პასუხობს, მაგრამ გრძელდება მონიტორინგი. 

რისკები მაინც საჭიროებს ჯერ დაკვირვებას. პროგნოზის მხრივ, მე ვფიქრობ, რომ ლაზარეს მდგომარეობა იქნება კარგი და, სავარაუდოდ, მალე გაეწერება. შეკითხვებს ადეკვატურად პასუხობს. 

მე ვფიქრობ, რომ ლაზარე საზღვარგარეთ გადაყვანას ამ ეტაპზე, ამ მონაცემებით, არ საჭიროებს". - ამბობს ექიმი.  

13 წლის ბიჭი აპარატიდან გუშინ, 14 ოქტომბერს მოხსნეს. მას ახლადგახსნილი ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა. შადრევანში დაშავდა 13 წლის მარიტა მეფარიშვილიც, რომელიც მალევე კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმის ცნობით, ის გულის გაჩერებით შეიყვანეს.

გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების ნორმის დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

12 ოქტომბერს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა.  მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა – დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა. 

ევროპული საქართველოს წევრის, ბესიკ დონაძის მიერ გავრცელებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, თბილისის მერიამ ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს გრინსერვისისგან 26 აგვისტოს ჩაიბარა. დოკუმენტს თბილისის მერიის მხრიდან ხელს აწერს გარემოს დაცვის სამოქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მწვანე ლანდშაფტის დაგეგმარების განყოფილების უფროსი ლექსო უტიაშვილი და ამავე სამსახურის გარემოსდაცვითი მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იუზა წერეთელი, ხოლო შემსრულებელი კომპანიის მხრიდან გრინსერვისის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე. დოკუმენტში წერია, რომ მერიის საქალაქო სამსახურმა სარეაბილიტაციო სამუშაოები ინსპექტირების ორგანოს, მშენექსპერტის ანგარიშით დადასტურების შემდეგ ჩაიბარა.

კომენტარები