ვაკის პარკი

გიგაშვილი: შადრევანი დატესტილიც იყო და დაექსპერტებულიც, აქამდე პრობლემა არ ყოფილა

გიგა გიგაშვილი

თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი, გიგა გიგაშვილი აცხადებს, რომ ვაკის პარის შადრევანს, რომელმაც 13 წლის მოზარდი გოგოს სიცოცხლე იმსხვერპლა, ექსპერტიზა რამდენჯერმე ჩაუტარდა და მერიის სამსახურის მიერ არაერთხელ დაიტესტა. 

მისივე თქმით, გამოძიების ფარგლებში შადრევანს ექსპერტიზა ჩაუტარდება. 

"ძალიან დიდი ხანია გატესტვის რეჟიმშიც არის, დაექსპერტებულიც არის, თუმცა კონკრეტულად რამ გამოიწვია, ნამდვილად ვერ გეტყვით. შესაბამისი ექსპერტიზა ჩატარდება და დადგინდება. დილითაც გაიწმინდა შადრევანი, ჩვეულებრივად ჩაირთო. არანაირი პრობლემა არ ჰქონია. შესაბამისად, რამე პრობლემა რომ ჰქონოდა, ექსპლუატაციაში ვერ შევიდოდა. ვერ ჩაირთვებოდა. რა თქმა უნდა, რამდენჯერმე სატესტო რეჟიმში იყო ჩართული და ჩვენი თანამშრომლები მათ შორის უშუალოდ ასუფთავებენ ამ შადრევანს ჩართულსაც და გამორთულსაც, შესაბამისად, არანაირი პრობლემა აქამდე არ ყოფილა".- ამბობს გიგაშვილი.

ევროპული საქართველოს წევრის, ბესიკ დონაძის გავრცელებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, თბილისის მერიამ ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს გრინსერვისისგან 26 აგვისტოს ჩაიბარა. დოკუმენტს თბილისის მერიის მხრიდან ხელს აწერს გარემოს დაცვის სამოქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მწვანე ლანდშაფტის დაგეგმარების განყოფილების უფროსი ლექსო უტიაშვილი და ამავე სამსახურის გარემოსდაცვითი მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იუზა წერეთელი, ხოლო შემსრულებელი კომპანიის მხრიდან გრინსერვისის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე. დოკუმენტში წერია, რომ მერიის საქალაქო სამსახურმა სარეაბილიტაციო სამუშაოები ინსპექტირების ორგანოს, მშენექსპერტის ანგარიშით დადასტურების შემდეგ ჩაიბარა.


13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. ექიმის ცნობით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, მეორე მოზარდი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება და მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. მესამე მოზარდი იაშვილის კლინიკაში იმყოფება, მისი მდგომარეობა სტაბილურია. 

გუშინ, 12 ოქტომბერს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა.  მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა -  დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა. 

მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 6 500 000 ლარია. ჯამში, ვაკის პარკის განახლების პროექტი, გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაობის ჩათვლით, 33 000 000 ლარს შეადგენს.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. 

 

კომენტარები