ვაკის პარკი

"აპარატიდან მოხსნილია, კონტაქტში შემოდის" – 13 წლის ბიჭის მდგომარეობა გაუმჯობესდა

tsamali.ge

ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან მოხსნეს 13 წლის ბიჭი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა. ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია.  

"ამ წუთისთვის ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რაც გამოხატულია იმით, რომ მოიხსნა ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან, არის სპონტანურ სუნთქვაზე, შემოდის კონტაქტში, დაეკონტაქტა თავის მშობლებს უკვე.

რასაკვირველია, გარკვეული რისკები რჩება, თუმცა პირველი 24 საათის ის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლებოდა, მომხდარიყო, მეტ-ნაკლებად დაძლეულია. ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე სახლში წავა ლაზარე". - თქვა ექიმმა. 

მისივე სიტყვებით, გართულებების საშიშროება ჯერ კიდევ რჩება, შესაბამისად, მოზარდი ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება. 

გუშინ, 13 ოქტომბერს, 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. ექიმის ცნობით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს. კლინიკაში მოათავსეს მეორე მოზარდიც, რომელიც დღემდე მართვით სუნთქვაზე იყო.

12 ოქტომბერს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა. მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა -  დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა. მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 6 500 000 ლარია. ჯამში, ვაკის პარკის განახლების პროექტი, გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაობის ჩათვლით, 33 000 000 ლარს შეადგენს.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. 

კომენტარები