ვაკის პარკი

"მთხოვა, არ გამეხმაურებინა" – დევი მეზურნიშვილი წერს, რომ კალაძემ ბინა აჩუქა

ვაკის პარკის მებაღე, დევი მეზურნიშვილი, რომელმაც 13 ოქტომბერს შადრევანში ჩასული 2 ბავშვი გადაარჩინა, წერს, რომ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მას ბინა აჩუქა.  

"პოსტების წერით არ გამოვირჩევი, მაგრამ უამრავი ადამიანი მეკითხება და ჩემმა საახლობლომაც იცის ეს მოულოდნელი ამბავი. პირადად კახა კალაძემ საჩუქრად გადმოგვცა მე და ჩემ ოჯახს მშენებარე ბინა თბილისში, რომელიც მალე სრულიად გარემონტებული ჩაგვბარდება.

წლებია მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობთ ქირით თბილისში ისეთ პირობებში, სადაც ბავშვების ჩამოყვანასაც ვერ ვახერხებდით. ამაზე საუბარი და წუწუნი არასდროს მიფიქრია. იმ საბედისწერო დღის შემდეგ უამრავმა ჟურნალისტმა ჩამწერა, მკითხეს სად ვცხოვრობდი და რას ვსაქმიანობდი. არ დამიმალავს და გულწრფელად ვუპასუხე ყველას.

მართალი გითხრათ არ ველოდი ასეთ საჩუქარს. მინდა, სწორად გაიგოს ყველამ, არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია.

ეს საჩუქარი უდიდესი შვებაა ჩემი ოჯახისთვის. პირადი შეხვედრის დროს ბატონმა კახა კალაძემ მთხოვა არ გამეხმაურებია ეს ამბავი, მაგრამ ვერ შევძლებ ამ თხოვნის შესრულებას. არასდროს არაფერი დამიმალავს და ამ სიხარულსაც ვერ დავმალავ.

სიკეთით გადაგვეხადოს მე თუ არა ჩემს შვილებს მაინც". - წერს ის.  

მებაღე: შადრევნიდან 2 ბავშვის გამოყვანა შევძელი, სადამდეც გამიძლო ორგანიზმმა დენის გამო 

13 ოქტომბერს გარდაიცვალა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა. მასთან ერთად მყოფი 2 თანატოლი წყლიდან დევი მეზურნიშვილმა ამოიყვანა. ერთ-ერთი მათგანი კლინიკაში მკურნალობდა და ხელოვნურ სუნთქვაზე იყო. 

ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაღუპული მოზარდის საქმეზე 9 პირი 18 ოქტომბერს დააკავეს. მათ შორისაა მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გ.ვ (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), გრინსერვისის და მშენექსპერტის დირექტორები და თანამშრომლები, ასევე, ორი კერძო ელექტროშემდუღებელი. სამინისტროს მტკიცებით, შესაძლებელია გაფართოვდეს ბრალდებულ პირთა წრე.

გამოძიების ცნობით, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ გრინსერვისის მენეჯერს სთხოვა, შადრევანში მდებარე ელექტროძრავიდან გამომავალი შავი ფერის წყლის მილები შეეფუთათ უჟანგავი, თეთრი ფერის კონსტრუქციით. გრინსერვისის დირექტორის ლაშა ფურცხვანიძის გადაწყვეტილებით, ამ სამუშაოს შესრულება დაუკვეთეს მათივე ქვეკონტრაქტორი ფირმის - ნიუ მეტალ დიზაინის წარმომადგენელს. 

შსს-ს ცნობით, ნიუ მეტალ დიზაინის დაქირავებულმა ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ: წყლის მილებზე, უჟანგავი ლითონის კონსტრუქციის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის კვლავ დამაგრებისას, ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია. სამუშაოები გრინსერვისის დირექტორმა შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ ჩაიბარა ასევე ინსპექტირების გარეშე.

გამოძიების მტკიცებით, ხელოსნებმა დაარღვიეს სამუშაოს წარმოების უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ, წყლის მილებზე უჟანგავი თუნუქის  მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის უკან დამაგრებისას ბეტონის ზედაპირსა და ლითონის ცხაურს შორის მაღალი ძაბვის ელექტროკაბელი მოაყოლეს. ამის გამო, დაზიანდა ელექტროკაბელის იზოლაცია და დენმა წყალში გაჟონა. 

პროკურატურის ინფორმაციით, ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე გამოიკვეთა ორი დანაშაულებრივი ეპიზოდი.

კომენტარები