ვაკის პარკი

გარდაიცვალა მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა

tsamali.ge

გარდაიცვალა მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა. ინფორმაციას ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმი ავრცელებს. 

"მოყვანილი იქნა ორი მოზარდი. მოხდა პირველი პაციენტის, ბიჭის სტაბილიზაცია. მართვით სუნთქვაზე გადაყვანა და დასტაბილურების შემდეგ გადაყვანილ იქნა პროფილურ კლინიკაში. რაც შეეხება 13 წლის გოგონას, შემოვიდა გულის გაჩერებით, რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი".- თქვა ექიმმა. 

დღეს, 13 ოქტომბერს, ბავშვები თამაშისას ახლადგახსნილი პარკის შადრევანში ჩავიდნენ, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.  

გუშინ, 12 ოქტომბერს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა.  მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა -  დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა. 

მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 6 500 000 ლარია. ჯამში, ვაკის პარკის განახლების პროექტი, გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაობის ჩათვლით, 33 000 000 ლარს შეადგენს. 

კომენტარები