ვაკის პარკი

"მესამე ბავშვი შადრევნიდან ფანტანების გამორთვის შემდეგ ამოიყვანეს" – თვითმხილველი

თბილისის მერია

თვითმხილველი ყვება, რომ ვაკის პარკში შადრევანში ჩასული 2 მოზარდი კაცმა გამოიყვანა, თუმცა მესამის გადარჩენა ვერ შეძლო. მისივე სიტყვებით, შადრევანში შესულ კაცს დენი ურტყამდა და მოზარდამდე ვერ მიდიოდა, 13 წლის გოგო მხოლოდ შადრევნის გამორთვის შემდეგ ამოიყვანეს. 

"კივილი ატყდა, ბავშვები ეყარნენ წყალში, ამას მივუსწარი. შემდეგ ერთი კაცი გადახტა ამოსაყვანად. რა მოხდაო, ბავშვები რომ ყვიროდნენ, ვერ მივხვდი, რა მოხდა. ერთი ამოიყვანა ამ კაცმა, მეორე ამოიყვანა... ის მესამე იყო თუ არა იქ, არ ვიცოდით. ბავშვები კიოდნენ, მესამეც არისო, ბევრნი იყვნენ ერთად. [...] ეს ბავშვი ვერ ამოიყვანა ამ კაცმა, რამდენჯერაც შევიდა წყალში, დენი არტყამდა, ვერაფრით ვერ გამოიყვანა. მერე მოვიდნენ, ფანტანები რომ გამორთეს, მერე ამოიყვანეს ეს მესამე, უკვე გაშავებული იყო ის მესამე გოგო". - ამბობს თვითმხილველი ფორმულასთან საუბარში.  

13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. ექიმის ცნობით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს.  

კლინიკაში მოათავსეს მეორე მოზარდიც, რომელიც, ექიმის თქმით, მართვით სუნთქვაზე იყო, შემდეგ კი  პროფილურ კლინიკაში გადაიყვანეს.

გუშინ, 12 ოქტომბერს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა.  მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა -  დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა. 

მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 6 500 000 ლარია. ჯამში, ვაკის პარკის განახლების პროექტი, გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაობის ჩათვლით, 33 000 000 ლარს შეადგენს.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.  

კომენტარები